სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო მაია ნიკოლეიშვილმა უკვე დატოვა. ის დაწესებულებაში ბიძინა კუჭავას სხეულიდან აღებული ფრაგმენტების შესასწავლად იმყოფებოდა.
თუმცა ნიკოლეიშვილს ამ ეტაპზე რაიმე დასკვნის გაკეთება უჭირს, რადგან ეს იყო პირველი დათვალიერება.
„ჩამოვაყალიბეთ გეგმა, თუ რა დამატებითი ლაბორატორიული კვლევები უნდა ჩატარდეს. ეს ჯერჯერობით მონახაზია. ალბა ერთი შეხვედრა კიდევ დაგვჭირდება. ლაბორატორიული მიკროსკოპული კვლევა უკვე დაწყებულია პრეპარატების შესწავლაზე. კვლევა თავისთავად საინტერესო და განსხვავებულია სხვა შემთხვევებისგან. ამ ეტაპზე რაიმე დასკვნაზე საუბარი ზედმეტია,“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი შაბათ საღამოს იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავი მოიკლა. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ კუჭავას ოჯახის წევრებს და ადვოკატებს. მათ გამოძიების ვერსიის არ სჯერათ.
ქირიას ზუგდიდში შაბათს დაკრძალავენ.
მასალის გამოყენების პირობები






