მოკლული ბიზნესმენის შვილ მიხეილ ხარძიანი პროკურატურას მკვლელობის შემკვეთის დასახელებას სთხოვს.
როგორც ხარძიანმა "ნიუპოსტთან" საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მამამისის მკვლელობა ეკა ნონიკაშვილმა დაუკვეთა.
„ჩემი ეჭვი არ შეცვლილა. ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა მკვლელობა ქონების დაუფლების მიზნით. ეს მაია ხარძიანმაც იცის. ბესიკის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მითხრა, რომ ეკა იყო მკვლელი. რას შეეხება პროკურატურის განცხადებას, რომ საქმე გახსნილად გამოცხადდა, ეს ჩემთვის საკმარისი არ არის. უნდა ვიცოდეთ რეალურად ვინ იყო დამკვეთი შუამავლები და რა იყო მოტივი. რისთვის და რატომ მოკლეს მამაჩემი და არა ის, რომ 2 ქილერი დასეირნობს რუსთაველზე“, - აღნიშნა მიხეილ ხარძიანმა.
იგი ბიზნესმენის მეუღლის ეკა ნონიკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უდესიანი ხარძიანის მტერი არ იყო.
„ეს ტყუილია. ამ ვერსიას გამოვრიცხავ. ოჯახის ყველა წევრმა იცის გია უდესიანი არის მოყვარე. ის იყო მოყვარე და ასეთად დარჩა“, - განაცხადა ხარძიანმა.
ბესიკ ხარძიანის საქმე პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულები არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.
ბესიკ ხარძიანი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები






