პროკურორის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბიძინა კუჭავას ადვოკატი ნათია კორკოტაძე არ გამორიცხავს, რომ დავით პოპოვის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ამის შესახებ კუჭავების ოჯახის ინტერესების დამცველმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დადგინდება, რომ პოპოვმა, დანაშაული დამალა.
„რაც შეეხება პოპოვს, გამიჩნდა კითხვა, იქიდან გამომდინარე, რომ კუჭავა იმყოფებოდა მის კუთვნილ მანქანაში და ამ ავტომანქანაში მოხდა თვითმკვლელობა, რატომ არ არის დაკავებული. თუნდაც დანაშაულის გაუფრთხილებლობის ან დამალვის მუხლით. თუ გამოიკვეთება ის მომენტი, რომ მან დამალა დანაშაული და იცოდა საქმის ვითარება, არ არის გამორიცხული პოპოვის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს“,- ამბობს კორკოტაძე.
გამოძიების ვერსიით, ბიძინა კუჭავა თვითმკვლელობის დროს პოპოვების ავტომობილში იმყოფებოდა. დავით პოპოვმა ჟურნალისტებთან დღეს მცირე კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ კუჭავამ თავი მოიკლა. მისივე ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი.
მასალის გამოყენების პირობები






