პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას ადვოკატი ნათია კორკოტაძე დარწმუნებულია, რომ კუჭავას თავი არ მოუკლავს და იგი წინასწარ განზრახული გეგმით მოკლეს.
როგორც „ნიუპოსტს“ ადვოკატმა განუცხადა, ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას მკვლელობა ერთი და იგივე ადამიანის ხელწერაა.
„ბიძინა კუჭავას თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს. ამის თქმის საფუძველს მაძლებს ის ფაქტი, რომ ქირიას და კუჭავას მკვლელობა ერთი და იგივე ადამიანის ხელწერაა. ქირიაც გამოიყვანეს სახლიდან, მას მანამდე ტელეფონით ესაუბრნენ და ანალოგიური სიტუაცია იყო კუჭავასთან დაკავშირებითაც. კუჭავაც გავიდა, თუმცა ვინ გაიყვანა არ ვიცით“, - ამბობს ადვოკატი.
კორკოტაძის ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის ვერსიას ისიც გამორიცხავს, რომ მას გეგმები ჰქონდა ბიზნესთა დაკავშირებით. როგორც ადვოკატი ამბობს, სწორედ ამიტომ აპირებდა აფრიკაში წასვლას, სადაც ბიზნესმენებს უნდა შეხვედროდა. კუჭავას ოჯახის ინტერესების დამცველი შს მინისტრის მოადგილის განცხადებებსაც გამოეხმაურა და არჩილ თალაკვაძე ცილისწამებაში დაადანაშაულა.
„თალაკვაძე არ იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას. არ შეიძლება ასეთი ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთება. კუჭავას უკან ოჯახი და შვილებია. პატარა შვილი 12 წლის არის. ტელევიზიით გადის სიუჟეტები და მამა ვამპირად გამოჰყავთ, ამ ბავშვს ხომ ესმის ეს ყველაფერი? როდესაც ამ ადამიანს 4 პირის მკვლელობას აბრალებენ, ეს არის სამარცხვინო, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამ განცხადებებს“, - ამბობს კორკოტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






