სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას ოჯახის წევრებს გამოძიებასთან გარკვეული შეკითხვები აქვთ.
ისინი ითხოვენ პროკურატურისგან, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი დასახელდეს.
„ერთადერთი, რაც ვიცი არის ის, რომ ჩემი მაზლი იყო ყველაზე ერთგული, სანდო, პროფესიონალი, მოსიყვარულე ადამიანი. დანარჩენი ყველაფერი ჭორია. კუჭავას გამოჩენამ საერთოდ დაგვაბნია და ისედაც არ გვქონდა არანაირი ვერსია და ეხლა მითუმეტეს. მოტივი გვაიტერესებს დანაშაულის ჩადენის, მაგრამ ოჯახის წევრები ვერანაირ დასკვნას ვერ ვაკეთებთ“, - ამბობს ვახტანგ ქირიას ძმის ცოლი რუსუდან პაჭკორია.
ქირიას ოჯახის წევრები ინფორმაციით, პროკურორს და ბიძინა კუჭავას კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
როგორც ცნობილია, ოჯახის გადაწყვეტილებით ცხედარს დამოუკიდებელ ექსპერტიზას მაია ნიკოლაიშვილი ჩაუტარებს.
კუჭავას ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის - ფეხის არეში. როგორც ისინი ამბობენ, ბიძინა კუჭავას ფეხის თითი აქვს მოჭრილი.
შეგახსენებთ, პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი შაბათს საღამოს იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც გუშინ დილით თავი მოიკლა.
მასალის გამოყენების პირობები






