ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოხვედრაზე უარს არ იტყოდა. ამის შესახებ ნიკოლაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა.
იგი ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ ადვოკატს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოხვედრა უნდა.
„გავიგეთ, რომ ვარ გედევან ფოფხაძის კურსელი და ამ აღმოჩენას თავი დაანებონ. გავიგეთ ასევე, რომ მაქვს მიდრეკილება პოლიტიკისაკენ და რაც თავი მახსოვს ყოველთვის ხდებოდა ჩემი ასოცირება პოლიტიკურ პარტიებთან. მინდა ფაქტი გითხრათ და გადაეცით მაგ უგუნურებს, რომ ბოლოსდაბოლოს გაიგონ. 2010 წლის ივნისიდან ვარ ამ საქმეზე ადვოკატი. იმ დროს „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური წარმონაქმნი არ არსებობდა. ეხლა რადგან მე შეიძლება რაღაცაზე ვიფიქრო, ვუთხრა ჩემი დაცის ქვეშ მყოფებს, რომ მათ აღარ დავიცავ? ეს არასწორია. მე პროფესიონალი ვარ. ყველაზე მეტად რაც ხელს მიშლის დღეს, ეს არის ჩემი ასეთი სიხშირით ტელევიზიებთან ურთიერთობა. არც ისეთი დიდი კომფორტი მაქვს ამ დროს ზიგიერთებისგან განსხვავებით, ტელევიზიებთან რომ იტყლარჭებიან“, - ამბობს ნიკოლაძე.
მისი თქმით, თუ კოალიციისგან რაიმე შემოთავაზება ექნება ის აუცილებლად დათანხმდება.
„ვადასტურებ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოხვედრაზე უარს არ ვიტყოდი. ვადასტურებ, რომ რაც თავი მახსოვს პოლიტიკისკენ მქონდა მიდრეკილება. გეტყვით იმას, რომ მე ვარ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძვნებელი, თუმცა დღეს კონკრეტული შემოთავაზება მათგან არ ყოფილა. მე „ოცნების“ დაფუძვნების დღიდან მათი წევრი ვარ, მაგრამ ვინმეს უნახივარ ან საჯარო სამსახურში, ან რომელიმე უწყებაში? კალთებს არავინ მახევს. მშვიდად იყვნენ. ასეთი გაბოროტება ადამიანების ამ პოლიტიკაზე არ მინახავს. შემოთავაზების შემთხვევაში ბუნებრივია „ქართულ ოცნებას“ დავთანხმდები. თუ რამის გაკეთება შემიძლია აუცილებლად დავთანხმდები“, - ამბობს ადვოკატი.
მასალის გამოყენების პირობები






