ქვემო ქართლი ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის ინფორმაციით, მოწმეებზე, რომლებმაც მისი ძმის უდანაშაულობა დაადასტურეს, შსს ზეწოლას ახორციელებს.
ამის შესახებ კირკიტაძემ "ნიუპოსტს" განუცხადა. მისი ინფორმაციით, მოწმეთა სია და ჩვენებები საგამოძიებო უწყებას სასამართლომ უკანონოდ გადასცა.
"გუშინ ჩემი ძმის ადვოკატებმა დაკითხეს მოწმეები, თან დაურთეს სააპელაციო სასამართლოში შესატან საჩივარს და გადასცეს სასამართლოს. მოწმეთა სია არ გადაუციათ მათ საგამოძიებო უწყებებისთვის, რადგან ამის უფლება ჰქონდათ. როგორც ჩანს, სასამართლომ უკანონოდ გადასცა მოწმეთა სია და მათი ჩვენებები საგამოძიებო უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. მოწმეებზე, რომელიც გუშინ დაცვის მხარის მიერ იქნა დაკითხული და რომლებმაც ჩემი ძმის უდანაშაულობა დაადასტურეს, მიმდინარეობს ზეწოლა. იბარებენ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის განყოფილებაში, სადაც გამოძიებას აწარმოებენ და ეუბნებიან, რომ ჩვენება მისცენ. თუმცა მოწმეებს კანონით აქვთ უფლება, რომ არ გამოცხადნენ იქ, რადგან ჩვენება დაცვის მხარისთვის უკვე მიცემული აქვთ", - განაცხადა კირკიტაძემ.
შეგახსენებთ, დავით კირკიტაძის ძმა ირაკლი კირკიტაძე რამდენიმე დღის წინ ხულიგნობის ფდაქტზე დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






