ოჯახის ინფორმაციით, ეს ნახატი მათ ოჯახში 15 წლის განმავლობაში ინახებოდა და გადაწყვეტილება ნახატის გაყიდვის შესახებ 2010 წელს მიიღეს.
ამის მიზეზად ისინი ფინანსურ პრობლემას ასახელებენ.
„ეს არის ჩვენი გადაღებული ფოტო. ყველამ იცის, რომ ეს ნახატი ჩვენი იყო. ვიცი ინიციალები, რომლითაც შეიძლება მისი ამოცნობა. ყველა გამყიდველმა იცოდა, რომ ამ ნახატს ჩვენ ვყიდდით. ბოლოს მოვიდა ორი ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ ამ ნახატს თურქეთში გავყიდითო. თანხა სასწრაფოდ გვესაჭიროებოდა და ამის გამო ნახატი ამ ხალხს მივყიდეთ“, - ამბობს ეკა აბაშიძე.
მისი თქმით, ნახატის იმ დროს 80-100 ათას დოლარად იყო შეფასებული. თუმცა როგორც აბაშიძე ამბობს, ნახატი 37 ათას დოლარად გაყიდეს.
"რეალურად 7 ათასი გადაგვიხადეს, შემდეგ გაიქცნენ... ეს ადამიანი სულ გვეკონტაქტებოდა ტელეფონით, მაგრამ გვატყუებდა, აი თურქეთშიაო ამბობდა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ მოგეხმარებით, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ნახატი. არაფერი არ გვინდა, გვინდა ჩვენი ნახატიო", - განაცხადა აბაშიძემ.
ცნობილი მხატვრის ვან დეიკის 14 მილიონ დოლარად შეფასებული ტილოს არალეგალურად გაყიდვის მცდელობისთვის თურქეთში 2 ბიზნესმენი დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით დაკავებულები ქართველები არიან. თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს საქართველოსთან შემხებლობა არ აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






