უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს რცელი განცხადებით პასუხობს.
გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდებს, მაღალი ეთიკური სტანდარტით გააკეთოს განცხადებები და იხელმძღვანელოს მხოლოდ მართლმსაჯულების პრესტიჟისა და ავტორიტეტის დაცვის ინტერესით. გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია:
"რაც შეეხება საკითხს კვების აპარატებთან დაკავშირებით, აპარატები თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში განთავსებული იყო იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელსაც ეკუთვნოდა ეს აპარატები, სისტემატურად აგვიანებდა იჯარის თანხების გადახდას. დეპარტამენტის მიერ ხორციელდებოდა აღნიშნული ხელშეკრულების სისტემატიური კონტროლი, კერძოდ: მეორე მხარესთან იგზავნებოდა წერილები, ხდებოდა საჯარიმო თანხების დაკისრება. სამწუხაროდ, გადახდების კუთხით სიტუაცია არ გამოსწორდა. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა, კანონით დადგენილი წესით, შეეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნული პროცესის მიმდინარეობის და მისი შედეგების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯმენტი სრულად იყო ინფორმირებული. ამჟამად, მიმდინარეობს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები იჯარის ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად" - წერია გვენეტაძის განცხადებაში.
რაც შეეხება ახვლედიანის განცხადებას, საქალაქო სასამართლოსთვის ავტომობილების ჩამორთმევის თაობაზე, გვენეტაძე ამ საკითხზე აცხადებს: "თბილისის საქალაქო სასამართლოს დეპარტამენტის მიერ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაცემული აქვს 13 ავტომანქანა, რომელთაგან ნაწილი განპიროვნებული იყო ცალკეულ თანამდებობის პირებზე (სასამართლოს თავმჯდომარე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, სასამართლოს მენეჯერი, სასამართლოს მენეჯერის მოადგილე, სამეურნეო სამსახური), ხოლო ნაწილი კი საკურიერო მომსახურების მიზნებისათვის გამოიყენებოდა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 12 ოქტომბრის #1/163 გადაწყვეტილების "საერთო სასამართლოების სისტემაში სამსახურებრივი ავტომობილით სარგებლობის უფლების მქონე თანამდებობის პირთა განსაზღვრის შესახებ" შესაბამისად, განხორციელდა ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებებით შეიზღუდა იმ პირთა წრე, ვისაც უფლება აქვს ისარგებლოს სამსახურებრივი ავტომანქანით და აქცენტი გადატანილ იქნა სასამართლოების მიერ საკურიერო მომსახურების განხორციელებაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვტილებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ცალკეულ თანამდებობის პირებზე განპიროვნებულ ავტომანქანებს შეეცვალათ დანიშნულება და მათ დაევალათ საკურიერო მომსახურების განხორციელება. ასევე, სასამართლოს გამართული ფუნქციონირებისა და მართლმსაჯულების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, დეპარტამენტის მიერ, 2015 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის შეძენილ და გადაცემულ იქნა ახალი ავტომანქანა HYUNDAI–I10. აღნიშნული ავტომანქანა გამოიყენება საკურიერო მომსახურებისათვის. ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარგებლობაში გადაცემულ 13 ავტომანქანას დაემატა ერთი ავტომანქანა და, დღეის მდგომარეობით, სასამართლოზე გადაცემული ავტომანქანების რაოდენობა შეადგენს თოთხმეტს. შესაბამისად, განცხადება იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამსახურებრივი ავტომანქანები ჩამოართვეს, სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებს ნინო გვენეტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






