როგორც "გურიის მოამბემ" გაარკვია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაილეთის თემის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები 24 წლის შ. დარჩია თანხმლებ პირებთან ერთად, დღეს ადრე დილით, დაახლოებით 5 საათზე, ზურაბ ებრალიძის ოჯახს დაესხა თავს.
როგორც ებრალიძეები ჩვენთან ყვებიან, თავდამსხმელები ოჯახის უფროსისგან ჯერ თანხას ითხოვდნენ, შემდეგ კი თხილს. ვინაიდან, სახლში შესულ მძარცველებს, ზურაბ ებრალიძემ წინააღმდეგობა გაუწია, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ცემა დაუწყეს:
"უშვერი სიტყვებით დაუწყეს მამაჩემს ყვირილი და ცემა. მამაჩემმა ყვირილი ატეხა-მიშველეთო. ამ დროს მეორე სართულზე ჩემს ძმას ეძინა, ყვირილის დროს გაეღვიძა და სანადირო თოფი გაისროლა. ერთი დაიჭრა. შემოვარდნენ სახლში კიდე რამდენიმე ადამიანი, წაიყვანეს დაჭრილი და წავიდნენ"-გვიყვება თამარ ებრალიძე.
ამ წუთებში, ზურაბ ებრალიძე და მისი ოჯახის წევრები, პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
საავადმყოფოში მოთავსებულ შ. დარჩიას გამოჯანმრთელებისთანავე წინასწარი პატიმრობა და ბრალის წაყენება ემუქრება.
"დაჭრილის მდგომარეობა გადატანილ ოპერაციასთან შესაბამისობაში, ამ დროისთვის სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოხდა ქირურგიული ჩარევა, 90 სანტიმეტრი ნაწლავის ამოჭრა. დაზიანებული აქვს მუცლის ღრუ და თეძო"-გვითხრა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, დავით მდინარაძემ.
შსს პრეს სამსახურის ცნობით, მომხდარზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 19-108 მუხლით და შესაძლოა მისი გადაკვალიფიცირება მოხდეს.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






