„მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის ეთერში პრემიერ მინისტრის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით ირაკლი ღლონტის ინტერვიუ გავიდა, „რეფორმატორების” თავმჯდომარის მობილურ ტელეფონზე რამდენჯერმე დაფარული ნომრიდან ზარი განხორციელდა. ღლონტს ვინმე გიორგი გაფრინდაშვილი დაუკავშირდა, რომელმაც პარტიის ლიდერი საღამოს 8საათზე ე.წ. მოდული შენობაში დაკითხვაზე დაიბარა. გაფრინდაშვილმა საუბარში აღნიშნა, რომ უწყებას მასთან აღნიშნულ პოლიტიკურ შეფასებასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა ჰქონდა. აღნიშნული საუბრის აუდიო-ჩანაწერი არსებობს. ირაკლი ღლონტმა უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან გადაამოწმა, თუმცა ნინო გიორგობიანმა მოსალოდნელი დაკითხვის ფაქტი არ დაადასტურა.
მიუხედავად ამისა, პარტიის თავმჯდომარე „რეფორმატორების“ წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ დროს „მოდულის“ შენობასთან გამოცხადდა, თუმცა მის სახელზე უწყებაში საშვი დაშვებული არ დახვდა და შესაბამისად, ირაკლი ღლონტი შენობაში ვერ შევიდა.
„რეფორმატორებში“ საეჭვოდ მიიჩნევენ ბოლო დროს პარტიის ირგვლივ განხორციელებულ მოვლენებს, მათ, შორის აღსანიშნავია პარტიის წევრის, ნიკა კირვალიძის საცხოვრებელი ბინის პროფესიონალურ დონეზე გაქურდვის ფაქტი და იმავე დღეს პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ნინო ჩარკვიანის სახლში უცხო პირების მიერ შეღწევის მცდელობა. პარტიაში ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენები უკავშირდება „რეფორმატორების“ მიერ „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ განხორციელებულ აქტივობებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტიის თავმჯდომარემ მედიის საშუალებით გაავრცელა ფოტო მასალა, სადაც ჩანს, რომ ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე ფსიქოტროპულ აფთიაქთან დგას ავტომობილი, სახელმწიფო ბაზაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ნომრით SP 309 PS, რომლის მფლობელიც პერიოდულად სტუმრობს აღნიშნულ აფთიაქს.
„რეფორმატორების“ თავმჯდომარე არაერთი საეჭვო გარემოებიდან გამომდინარე, ხვალ ოფიციალურად მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვს ზემოაღნიშნული საქმეების მაღალი პასუხისმგებლობით გამოძიებას.“- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






