საერთო საცხოვრებლის დასისხლიანებული სადარბაზო, ჯერ ჯიდევ თბილი 5 წლის თორნიკე და იქვე დაგდებული 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი...
ამ სისასტიკის ჩადენის ბრალდებით პოლიციამ 25 წლის მაგდა პაპიძე დააკავა.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
პროკურატურა პაპიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
ადვოკატ ხათუნა ჩხაიძის განცხადებით, პაპიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ მეუღლე და შვილი მას არ მოუკლავს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მეუღლეს მხოლოდ გადარჩენის მიზნით შეეხო. მთხოვა მეთქვა თქვენთვის, რომ შვილის გადარჩენა უნდოდა და მის საავადმყოფოში წაყვანას ცდილობდა. მინდა გითხრათ, რომ დაკავების მომენტიდან მაგდა პაპიძეს არასდროს უღიარებია წარდგენილი ბრალდება“ - ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება ნივთმტკიცებად ამოღებულ ნივთს, ჩაქუჩს, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, ჩაქუჩი შეძენილი იყო სათავსოში ჭერის შეკეთების მიზნით.
მკვლელობის მოტივზე განცხადებები არ კეთდება, რაც შეეხება უშუალოდ პაპიძის პერსონას, ბოლო დღეებია მის გარშემო ათასი ჭორ-მართალი აგორდა.
მაგდა პაპიძის ცხოვრების შესახებ სხვადასხვა ვერსიებს ყვებიან. „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი ირწმუნება, რომ მაგდას მძიმე ცხოვრება ჰქონდა. „მას მამა სცემდა. კლასელები ამბობენ, რომ სკოლაში ნაცემი დადიოდაო“.
ამ ინფორმაციას, უკვე უპასუხა, დაკავებულის დამ - „ყველას ვინც ჩემი დის ბავშვობაზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებს (მივმართავ ბაღელებს და კლასელებს ). მე და ჩემი და გაზრდილები ვართ იდეალურ ოჯახში,მამა დაგვეღუპა ტრაგიკულად . ყველას გთხოვთ თავი შეიკავოთ ტყუილი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, მამა ამირამ (გალა) პაპიძე იყო თავგადაკლული მამა, დედა კი ლია შამუგია არის იდეალუი დედა. მე,როგორც მაგდას უფროსი და ვარ განადგურებული ხალხო და ჩემი და იყო იდეალური დედა და ცოლი“ - წერს ლანა პაპიძე.
„ნიუპოსტმა“ მაგდა პაპიძისა და მისი ოჯახის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შეძლო.
პაპიძეები წარმოშობით გორიდან არიან, ლიკას და მაგდას მშობლები მაშინ დაშორდნენ, როცა გოგონები პატარები იყვნენ, მას შემდეგ ლიკა და მაგდა დედასთან ერთად თბილისში დასახლდნენ. გოგონებმა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე 89 -ე საჯარო სკოლა დაამთავრეს, თუმცა დირექტორისა და მასწავლებელთა დიდი ნაწილის ცვლილების შემდეგ, მაგდა პაპიძის გახსენება უჭირთ სკოლაში დარჩენილ მასწავლებლებს.
ჩვენ შვილისა და ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მამიდაშვილს, ლიკა შამუგიას ვესაუბრეთ.
გოგონამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
„მაგდას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, ეს არის დიაბეტი, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას რაც შეეხება, არასდროს განიგია რომ ამ მხრივ რაიმე პრობლემა არსებობდა. მაგდა ემოციური იყო, იმდენად რამდენადაც დიაბეტი ჰქონდა და ხშირად უწევდა მისი კონტროლი“- განუცხადა „ნიუპოსტს“ დაკავებულის ნათესავმა.
რაც შეეხება 27 წლის ომარ ქაფიაშვილი და 25 წლის მაგდას ურთიერთობას, შამუგია ირწმუნება, რომ წყვილს უთანხმოება არ ჰქონია.
„ცოლ-ქმარს იდეალური ურთიერთობა ჰქონდა, ზედმეტად ფრთხილი დედა იყო“- იხსენეს ლიკა.
პაპიძის მამიდაშვილს დაკავებულის ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზეც ვკითხეთ, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ომარ ქაფიაშვილი ვალის გამო მოკლეს.
„ყველა ოჯახში შეიძლება იყოს ვალის პრობლემა, პიარადად მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა არ გამოვრიცხავ ეს მკვლელობა ვალს უკავშირდებოდეს“- განუცხადა დაკავებულის ნათესავმა „ნიუპოსტს“.
ლიკა შამუგიამ კატეგორიულად უარყო სიოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაგდას მამამისი ფიზიკურად უსწორდებოდა.
„იდეალური მამა ჰყავდა, ოჯახი ფინანსურად ძლიერი იყო, ცოლ-ქმარი გოგონებს არაფერს აკლებდა, ბატონი გელა გიჟდებობა ბავშვებზე, ლიკა და მაგდა პატარები იყვნენ, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ბატონი გელა მალევე გარდაიცვალა“- ამბობს პაპიძეების ოჯახის ნათესავი.
25 წლის მაგდა პაპიძეს დადებითად ახასიათებს იმ მაღაზიის მეპატრონე, სადაც ახალგაზრდა ბოლო ათი თვის განმავლობაში მუშაობდა.
მაია შავყულაშვილის თქმით, პაპიძე კოლეგიალურობით გამოირჩეოდა.
„გაოცებულები ვართ, წარმოუდგენელი ტარგედია დატრიალდა. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენთან მუშაობდა, არანაირი აგრესია არ გამოუვლენია ამ გოგონას. არასდროს უსაუბრია, რომ ოჯახში, მეუღლესთან რაიმე სახის უთანხმოება ჰქონდა, მეუღლეც ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ჰყავდა, ხშირად აკითხავდა მაგდას, რადგან გოგონა 24 საათიან ცვლაში მუშაობდა. ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი დედა იყო...“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ საუბრისას პაპიძის ხელმძღვანელმა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






