გაზეთი „პრაიმტაიმი“ ბესიკ ხარძიანისა და ეროსი კიწმარიშვილის საქმეებს შორის შესაძლო კავშირზე წერს. გამოცემის ინფორმაციით ორივე საქმეში შემჩნეულია ჩრდილოკავკასიური გარეგნობის სპორტული აღნაგობის მამაკაცი.
თავის დროზე ზურაბ კიწმარიშვილმა ასეთი დეტალი გაასაჯაროვა: „ ...გამოძიება არაქართული გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს... ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი იმ ჯგუფიდან, რომელიც ვიდეომასალის გაცნობის პროცესში გამოიკვეთა და რომლითაც გამოძიება დაინტერესდა. ყველას იდენტიფიცირება მოხდა. ყველა დაიკითხა. ეს პიროვნება კი ვერ გაირკვა, ვინ არის . მომეჩვენა, რომ ის ქართველი არ უნდა იყოს, სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცია. პარალელი გავავლე ჩრდილოკავკასიური ბოევიკის ტიპაჟზე. ასეთი მოსაზრება გამიჩნდა. ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა. აღნიშნული პიროვნება იმ ტერიტორიაზე სწორედ იმ დროს არის დაფიქსირებული , როცა, სავარაუდოდ ეს გასროლა განხორციელდა“...
შეიძლება თუ არა , საუბარი ერთი და იმავე პირზე იყოს? ამ შეკითხვაზე ორივე საქმის ადვოკატებს ერთნაირი პასუხი აქვთ:
მალხაზ სალაყაია: „გაინტერესებთ , ერთმა და იმავე კაცმა ჩაიდინა თუ არა? არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“
გაგი მოსიაშვილი: „ გამოძიება ამაზე მუშაობს. ვიცი, რომ ხარძიანის საქმეშიც ჩრდილოკავკასიური გარეგნობის ადამიანი გამოიკვეთა. გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ ერთი და იგივე პირზე გვქონდეს საუბარი.“
ამ კონკრეტული დეტალის დადგენის შემთხვევაში გამორიცხული არ არის , რომ ამ ფაქტმა კიწმარიშვილის საქმის კვალიფიკაციაზეც მოახდინოს გავლენა.
წყარო "პრაიმტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები






