მეუღლის და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ამბობს, რომ არ ჩამიდენია არანაირი დანაშაულიო. არ იცის რა მოხდა და ვინ არის დამნაშავე, თვითონაც გაუგებრობაშია. ეგონა, რომ მეუღლე ნასვამი იყო, ალბათ წაიქცა სადარბაზოში და ბავშვიც დაუვარდა.... ამბობს, რომ ცდილობდა მათ დახმარებას და საავადმყოფოში გადაყვანას, თან ყვიროდა, შველას ითხოვდა და გამოვიდნენ მეზობლები“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მაგდა პაპიძე ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობაში, წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მას დღეს ბრალს ოფისიალურად წაუყენებენ. აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო ხვალ იმსჯელებს. შეგახსენებთ, დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 წლის მამაკაცი და მისი 5 წლის შვილი მოკლული იპოვეს. ცხედრები სადარბაზოს შესასვლელთან იპოვეს. მამაკაცის დაღუპვის მიზეზი თავში მძიმე საგნის ჩარტყმა გახდა, ხოლო ბავშვი - გაგუდულია. ფაქტზე გამოძიება ამ დროისთვის 109-ე მუხლით მიმდნარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






