„გიმეორებთ, პოლიცია 6-7 წუთში მივიდა დანაშაულის ადგიზე. უამრავი ხალხი იყო, კვალი არეული, წაშლილი, განზრახ არაფერი განადგურებულა. უკვე გვქონდა საკმაოდ დამაჯერებელი წინსვლა საქმის გასახსნელად, მაგრამ სადღაც 2012 წლის 20 ოქტომბერს ჩვენ ჩამოგვაშორეს საქმეს, ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. გამოძიება, გიმეორებთ, შემდეგ სხავადასხვა ვერსიებით წავიდა და დაიფანტა. სამწუხაროდ, გამომძიების არაკომპეტენტურობის ბრალი იყო. მინისტრ ღარიბაშვილის არასწორი ორიენტირება, მაშინ გამოძიების წამყვანების ბრალი იყო. მინისტრი პოლიტიკური პირია და არა გამომძიებელი. თვითონაც მოგვიანებით ეს თქვა და ბოდიში მოიხადა. არადა, ეს არ არის ძნელი საქმე. მიუხედავად დიდი დროის გასვლისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქმე გახსნადია, თუ იქნება პოლიტიკური ნება. მაქვს ასეთი შეთავაზება, თუ აინტერესებს ვინმეს, რომ ბავშვის ტრაგიკული დაღუპვის ამბავს ფარდა აეხადოს. მე ახლა პენსიაზე ვარ. ვაცხადებ სრულიად კატეგორიულად, რომ არ მაინტერესებს არავითარი თანამდებობა. ახლა კმაყოფილი ვარ ჩემი სტატუსით. ვთავაზობ ხელისუფლებას, ვისაც ამის გაკეთება ძალუძს, მომცენ სპეციალური ერთჯერადი საქმის გამოძიების უფლება. ასეთი პრაქტიკა არსებობს და შესაბამისი ფორმალობა შეიძლება დაცული იყოს. მომცენ საშუალება, რომ დავაკომპლექტო ოპერატიულ- საგამოძიებო ჯგუფი, დამინიშნონ ზედამხედველი პროკურორი ან პროკურორების ჯგუფი. ოღონდ ერთი პირობით - გამომძიებლებიც და პროკურორებიც უნდა იყვნენ სპეციალიზირებული მკვლელობების საქმეების გახსნაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ცალკე მიმართულებაა. მოგვცენ მუშაობის თავისუფლება. მე გარანტიას ვიძლევი, რომ 60-70 დღეში ჩვენ ერთობლივად პროკურატურას წარვუდგენთ რეალურ საგამოძიებო სურათს, მყარ ვერსიას, რაც პროკურატურას საშუალებას მისცემს დაადგინოს ბრალეულობა. კიდევ ვიმეორებ, მე არ მაინტერესებს შემდეგ შინაგან საქმეთა სისტემაში მუშაობა, როგორც პრიზი გაკეთებული საქმისთვის. ესაა მხოლოდ შეთავაზება, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე დავადგინოთ ამ საზარელი საქმის ჩამდენი“.
მასალის გამოყენების პირობები






