წამებაში ბრალდებული გიგი კალანდაძის და გიორგი სამუშიას ადვოკატები წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გააპროტესტებენ.
ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.
საქალაქო სასამართლომ კვირას ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა კალანდაძესა და სამუშიას.
რაც შეეხება დათა ახალაიას, მეგის ქარდავასა და რომან შამათავას, სასამართლომ მათთან მიმართებით აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა.
შეგახსენებთ, ელბერდ კობერიძის წამების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
მასალის გამოყენების პირობები






