თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განმხილველ მოსამართლესთან მიმართებაში 9 დეკემბერს ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრებისა და ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია.
"უფრო მეტიც მათი განცხადებები წარმოადგენს ცილისწამებას და მხოლოდ პირადი ეჭვები და ვარაუდები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს რაიმე სახის დისციპლინარულ თუ სისხლისსამართლებრივ წარმოებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას.
საქმის არსებითი განხილვისას, მხარეებს არ ჰქონიათ არცერთი სამართლებრივი შენიშვნა სხდომის თავმჯდომარის მიმართ. მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერთო ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი (2015 წ. 23 ნოემბერი), ვრცელდება საქმესთან დაკავშირებით ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი განცხადებები, რაც ემსახურება არასწორი აზრის ჩამოყალიბებას მოსამართლესა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. უფლებადამცველი, რომელიც საქმეში სულ ორი კვირაა ჩაერთო სამართლებრივი დასაბუთების ნაცვლად, ცილისმწამებლური განცხადებებით შემოიფარგლება.
მოსამართლესთან კომუნიკაციისას დაზუსტდა, რომ მან ბოლო ერთი წლის სასესხო დავალიანება წინსწრებით დაფარა, რომლის ოდენობა ბევრად ნაკლებია მოსამართლის შემოსავლის წლიურ ოდენობაზე. ამასთან, არასწორია ინფორმაცია სხვა სესხის არსებობის თაობაზე. შესაბამისად, პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები მოკლებულია ლოგიკურ შინაარსს და წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას მოახდინოს არამხოლოდ მოსამართლის, არამედ სასამართლო სისტემის იმიჯის შელახვა"- აღნიშნულია განცხადებაში.
ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრების ინფორმაციით მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი კორუფციულ გარიგებაში შევიდა და ცააძისა და ფირცხალავას მიმართ განაჩენი შემდეგ გამოიტანა.
დაკავებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოსამართლემ განაჩენის გამოტანის შემდეგ ერთ თვეში ორი იპოთეკური სესხი წინასწარ დაფარა.
ირინა ცააძის განცხადებით იპოთეკური სესხები რამდენიმე ათას შეადგენდა.
ამასთან ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, პროკურატურამ საქმეში არსებული მოწმეებიდან ორს სახელი და გვარი შეუცვალა, მათგან ერთი საქართველოდან გაუშვა ერთი კი სხვა სახელითა და გვარით ქვეყანაში დაასაქმა.
მასალის გამოყენების პირობები






