საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს.
გამომდინარე იქიდან, რომ საქმე გრიფირებულია, პროცესი დაიხურა.
დაკავებული პირების მიმართ პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. მათგან სამი სოფელ ნასაკირალიდანაა, ერთი კი ხელვაჩაურიდან.
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა.
იზორიის თქმით, "ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ-მოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" მიკუთვნებული დროშები. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის და შსს-ს თანამშრომლებმა ოთხი პირი: ჯამბულ ა, მირიან ბ, გია ბ. და ლაშა გ. დააკავეს. აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით", - აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






