მათი მტკიცებით, სუს-მა ისლამური სახელმწიფოს დროშები და ხელნაკეთი ყუმბარები შემთხვევის ადგილზე თავად მოიტანა.
"ძალიან დიდი იმედი მქონდა სამართალდამცავების. ვამბობდი, ესენი რომ არ იყვნენ რა იქნება მეთქი, მაგრამ სამართალი არ ყოფილა ამ ქვეყანაზე. ვთხოვდი, სტუდენტი ბიჭია და ნუ ანადგურებ რა დაგიშავათ მეთქი. გინახავთ, ადამიანმა ლიმონკა შემოდოს საწოლის ქვეშ და იმაზე იძინოს? ამას ვინმე იზამს? გაგვასულელეს, ვითომ ვერ ვხვდებით ამდენს ჩვენ. დაჭერა თუ გინდათ ამის, ამას მაინც ნუ უკეთებ, აიყვანეთ და ისე წაიყავენთ მეთქი-ვთხოვე. ჩვენ ასეთი დავალება გვაქვსო-ასე მითხრა ერთ-ერთმა", - ამბობს დაკავებულის ბებია ნებია ბერიძე.
დეტალებს იხსენებს დაკავებულის დედა ნათელა ბერიძეც. ის ამტკიცებს, რომ დროშა და ხელყუმბარა სახლში სპეცოპერაციის დროს იქნა ჩადებული.
"ყველგან ასე მოხდა, მოულოდნელად სახლში შემოვარდნები, ნახეთ რომ ჩემთან კარები ჩამტვრეულია. 50-მდე კაცი შემოვარდა, მოგვამწყვდიეს ერთ ოთახში, სტუმრად იყო ნათესავი მამაკაცი, ისიც გაკოჭეს. მერე აღმოჩნდა, რომ სახლში ხელყუმბარა და დროშა ინახებოდა. ამას ხომ ყველა ხვდება, რომ ჩადებულია. დროშა იდო კამოდში და "ლიმონკა" საწოლის ქვეშ. ჩემი შვილი მორწმუნე რომ არის და მეჩეთშიც დადიოდა, ალბათ ამის გამო დააკავეს, ისინიც ხომ ამათ ემუქრებოდნენ, მანდ რომ ხართ ჩარჩენილებიო. არ ვიცი რა ვთქვა", - ამბობს ნათელა ბერიძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა.
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა.
იზორიის თქმით, "ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ-მოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" მიკუთვნებული დროშები. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის და შსს-ს თანამშრომლებმა ოთხი პირი: ჯამბულ ა, მირიან ბ, გია ბ. და ლაშა გ. დააკავეს. აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით", - აღნიშნა მან.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






