ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან რომ პატიმრების წამების კადრები უკრაინულ საიტზე გავრცელდა, ამტვირთავი პირის დასადგენად შსს-მ უკრაინის შესაბამის უწყებებს მიმართა.
„კადრების გავცრელების ფაქტი ძალიან ცუდი ფაქტია. ამბობდნენ, რომ ვითომ ამ კადრებს ჩვენ ვინახავთ. ეს კადრები სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად იყო დართული. საქმე როდესაც სასამართლოში წარიმართა, ეს ვიდეოებიც მას გაჰყვა. კადრები გადაღებულია კოხტა კოდუას მიერ. ეს უტყუარად დადგენილია. ამ პირების მიერ მოხდა ამ კადრების დამარხვა იქ, სადაც ვიპოვეთ. დღეს ამ კადრების ასლები ვის ხელშია, ამის დადგენა შეუძლებელია. რაც შეეხება ამ კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, მისი ატვირთვა მოხდა უკრაინულ ინტერნეტ პორტალზე. შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ერთადერთი რესუსრი რომ ნათელი მოეფინოს, თუ ვის მიერ მოხდა კადრების ატვირთვა არის უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები“, - განაცხადა შოთაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 17 ოქტომბერს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






