19 წლის ლადი ელიკაშვილი გურჯაანელ პოლიციელებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა ყვება, რომ გურჯაანის პოლიციის უფროსის ოთახში ცემეს და ორი კბილიც ჩაუმტვრიეს.
ელიკაშვილი მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს დააკავეს.
"როგორც კი ოთახში შევედით სამი მუშტი მომხვდა სახეში. პოლიციის უფროსი, მისი მოადგილეები დარეჯანაშვილი და მოსულიშვილი მცემდნენ. ერთი პირი პოლიციის უფროსის ძმაკაცი, თანამშრომელი არ არის, იმასაც აცემინეს ჩემი თავი. მუშტით და წიხლებით მცემდნენ"- ამბობს ახალგაზრდა.
მისი თქმით, განყოფილებაში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში სცემდნენ, პოლიციელები დაკავებულს ძირითადად თავის არეში ურტყამდნენ.
ელიკაშვილები მომხდარს, მათი სიძისა და აღნიშნული პოლიციელებს შორის არსებულ უთანხმოებას უკავშირებენ.
„ ჩემი სიძე, ლადის დის ქმარი გურამ ნაცვლიშვილი მუშაობდა გურჯაანის პოლიციაში. უფროსთან მომხდარი კონფლიქტის გამო ის სამუშაოდ სიღნაღის პოლიციაში გადავიდა. მათ იცოდნენ, რომ ჩვენი შვილი მისი ცოლის ძმა იყო. პოლიციელი რეზო ქადაგიშვილი შემოვიდა პოლიციის უფროსის ოთახში, თქვა, რატომ ისე არ ცემთ, რომ ამისი სისხლი და წივილი სიღნაღამდე ასულიყოო. თან ცემის დროს ამბობდნენ სად არის სიღნაღის მაშველი, რატომ არ მოდისო?“ - აცხადებენ ელიკაშვილები.
მშობლებმა შვილის დაკავების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ლადი ელიკაშვილი პოლიციის ეზოდან გაიყვანეს.
"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ცნობით კი ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში ლადი ელიკაშვილის მოთავსებამდე, იზოლატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა დაკავებულის შემოწმების მიზნით.
ექიმი სამედიცინო ბარათში (N531) მიუთითებს, რომ ლადი ელიკაშვილს აქვს ჭრილობა, დაჟეჟილობა და ტკივილები სახის არეში.
ოფიციალური ინფორმაციით, შს გურჯაანის სამმართველომ 29 ოქტომბერს ლადი ელიკაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დააკავა. ეს მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) და იწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
გამოცემა პოლიციის თანამშრომლების ჩვენებაზეც წერს. სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ ლადი ელიკაშვილმა პოლიციის ეზოში სამართალდამცავების მისამართით გადაიფურთხა, რითაც მათ შეურაცხყოფა მიაყენა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მხარეებს მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა და პროცესი რამდენიმე დღით გადადო. 5 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, მოწმის სტატუსით დაიკითხნენ პოლიციის უფროსის მოადგილეები გიორგი დარეჯანაშვილი, შოთა მოსულიშვილი და დეტექტივ გამომძიებელი გოჩა აფციაური. ეს ის პირები არიან, ვისაც ელიკაშვილი ცემაში ადანაშაულებს.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა უპირატესობა პოლიციელებს მიანიჭა, რომლებმაც წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში, სასამართლოს ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენებები მისცეს, თუმცა სამართალდარღვევა გადააკვალიფიცირა, ლადი ელიკაშვილი სამართალდამრღვევად ცნო 166–ე მუხლით და 100 ლარით დააჯარიმა. ეს გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარი მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
მასალა მომზადებულია "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" სტატიის მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები






