საქალაქო სასამართლოდან, სადაც „რუსთავი2“-ის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააძევეს.
ამის შესახებ „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება.
პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებმაც დატოვეს.
„მოსამართლე ურთმელიძემ არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს არის არაკვალიფიციური მოსამართლე. მას გამოცდა ჩაბარებულია აქვს ბათუმში. ყველამ ვიცით, 90-იან წლებში ბათუმში გამოცდის ჩაბარება რასაც ნიშნავდა. გასაგებია ეხლა რაც ხდება - უწიგნური მოსამართლის მიერ უსამართლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ქართველი ხალხი არ მისცემს ივანიშვილს იმის საშუალებას, რომ 2016 წლის არჩევნები მოიპაროს. არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება თავისუფალი მედიის გარეშე. ჩვენ ვართ ერთადერთი მედია, რომელიც არ არის დამოკიდებული მთავრობაზე. ეს უკანონო ქმედებები დასჯის გარეშე არ ჩაივლის“, - განაცხადა გვარამიამ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.
შეგახსენებთ, პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლის საქმიდან აცილებასთან დაკავშირებით. ასევე არ დააკმაყოფილა მოსამართლე ურთმელიძემ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, პროცესისი ერთი კვირით გადადებასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






