ღამის საათებში მჟავანაძეების სახლში მისულ მძარცველებს, სახლში მხოლოდ მოხუცი მამაკაცი დახვდათ. თავდამსხმელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც 85 წლის მარტოხელა მამაკაცი გვიყვება, თავდამსხმელი ერთი იყო, მან თხილის მოსავალი წინა ღამით მოიპარა, მეორე დღეს კი არყის სახდელს მიუბრუნდა:
„სახლში ვიყავი, შემომესმა ძაღლების ყეფა, გავედი, რომ გამეგო რა ხდებოდა, ერთი ჟანგიანი თოფი მაქვს, ტყვიაც კი არ იყო შიგნით, ვიფიქრე შევაშინებთქო, ვრეკავდი შვილთან. შემოანგრია კარები და შემოვარდა სახლში, თოფით რომ დამინახა, გავარდა გარეთ. მერე ისევ მომიბრუნდა, ამ დროს ტელეფონზე დარეკვას ვცდილობდი, გამომგლიჯა ხელიდან და იატაკზე დაანარცხა, ხელში აკაციის სარი ეჭირა, რომელიც ტალახიანი იყო, მე სკამი ავიღე ხელში, ვიფიქრე მოვიგერიებთო, მაგრამ შემეშინდა ტელევიზორი არ გამეტეხა, არც ისე მაღალი ბიჭი იყო, თვალებზე აფარებული ჰქონდა და წითელი რაღაც ჰქონდა ჩამოფარებული, ამასობაში ეს სკამი დავდგი, აიღო ის აკაციის გადანაჭერი და დამარტყა თავში, აზრი არ დამიკარგავს, თუმცა თავი გახეთილი მქონდა, მეზობელს დავუძახე საშველად. აქ სულ სისხლის გუბე იდგა, მოვიდნენ მეზობლები, ჩემი შვილი ოზურგეთში იყო, წამოიყვანა პოლიცია, 5 მანქანით მოვიდნენ. რაც თხილი მქონდა სულ წაუღიათ, სამი მეშოკი იყო, ეს წინა დღეს წაუღია, მეორე დღეს კი არყის სახდელს მოაკითხა, რომელიც ეზოში მედგა, მაგრამ არ დახვდა, სახლში მქონდა შემოტანილი“, - ამბობს მჟავანაძე.
85 წლის მამაკაცი სოფელში გახშირებულ თხილის ქურდობაზე საუბრობს, ამბობს რომ კიდევ 6 ოჯახი გაიქურდა, საიდანაც ბევრად დიდი ოდენობის თხილია გატანილი. ურეკის პოლიციას კი უყურადღებობაში ადანაშაულებს.
„თხილი 6 ოჯახს მოპარეს, კაცი არაა პატრონი, არც ურეკის პოლიცია გვაქცევდა ყურადღებას და არც არავინ, ოზურგეთიდან ჩამოსულ პოლიციელებს გაუკვირდათ ამდენი თხილის ქურდობა თუ ხდება, თქვენ რას აკეთებთო, ურეკის პოლიციას უთხრეს. მე სამი მეშოკი მომპარეს, მაგრამ ხალხს 15-20 მეშოკი მოპარეს“, - ამბობს მიშა მჟავანაძემ.
შოფელ შრომაში გახშირებულ თხილის ქურდობებზე საუბრობენ სოფლის მცხოვრებლებიც, მოსახლეობა გახშირებული ქურდობების ფაქტებს სოფლებში საპატრულო პოლიციის მხრიდან ნაკლებ ყურადღებასა და მძიმე სოციალურ მდგომარეობას უკავშირებენ.
"ადრე პოლიცია სოფელში დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ახდენდა პატრულირებას, ახლა ეტყობა საწვავი შეუმცირეს და ვეღაც ვხედავთ. გარდა ამისა, ისეთი მძიმე მდგომარეობაა ხალხში, უმუშევრობა, გაჭირვება, სხვა ვერაფერი რომ ვერ იპოვეს, ქურდობებს მიჰყვეს ხელი", - გვეუბნება სოფლის მკვიდრი.
როგორც "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მიხეილ მჟავანაძის ძარცვის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 178-ე მუხლით. რაც შეეხება პატრულირებას, უწყების ინფორმაციით, გურიაში პოლიცია პატრულირებს ინტენსიურად ახორციელებს. მათი ინფორმაცით, თხილის ქურდობასთან დაკავშირებით, გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია. შსს-ში მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ ნებისმიერი ქურდობის ან ძარცვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






