მიმდინარე წლის 28 მარტს, უცნობმა პირმა, საკუთარი სახლის სადარბაზოში ხარძიანს მოტოციკლიდან რამდენჯერმე ესროლა. 4 ტყვიდან 2 ტყვია ხარძიანს თავში აქვს მოხვედრილი, ერთი გულ-მკერდის არეში და ერთიც - ფეხში, სასიკვდილო თავში მოხვედრილი ერთ-ერთი ტყვია აღმოჩნდა. ის მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
ხარძიანები აცხადებენ, რომ მკვლელობა შეკვეთილია. მკვლელობის მიზეზად კი "კუს ტბას" ასახელებენ.
ოჯახის წევრები, ადვოკატი და გარდაცვლილის მეგობრები, მკვლელობის შესახებ პერიოდულად აკეთებენ გაცხადებებს.
ერთ-ერთი, ბოლო განცხადება, ხარძიანის ვაჟიშვილმა - მიხეილ ხარძიანმა გააკეთა და მამის მკვლელად, გარდაცვლილის ამჟამინდელი მეუღლე, - ეკა ნონიკაშვილი დაასახელა.
აღნიშნულ საკითხზე, პროკურატურაში, არანაირი კომენტარი არ კეთდება. უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება, რომლის გახსნასაც, პროკურატურის მაღალჩინოსნები, უახლოეს პერიოდში აანონსებენ.
ითქვა, რომ სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი, შედგენილია. გავრცელებული ინფორმაციით, ის, სლავური გარეგნობის ჩეჩენია, რომელიც მკვლელობამდე, სულ ცოტა, 6 თვის განმავლობაში, საქართველოში ცხოვრობდა და მკვლელობიდან მოკლე ხანში, ქვეყანა დატოვა.
წინა კვირას, მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ფაქტობრივად დადგენილია ყველა გარემოება, თუ როგორ მოხდა ბესიკ ხარძიანის მკვლელობა".
"ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოებაა დადგენილი, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ დეტალებზე საუბრისგან, ვინაიდან მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. საზოგადოებას რომ ვაცნობო კონკრეტულად რა არის საქმეში დადგენილი, ვინ არიან მხილებულნი, ეს ხელს შეუშლის ღონისძიებების მიმდინარეობას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბესიკ ხარძიანის ოჯახი სრულად არის ინფორმირებული საქმეში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
„ნიუპოსტი“ საქმის გამოძიების საკითხზე ეკა ნონიკაშვილს ესაუბრა. ბიზნესმენის მეუღლემ მედიასთან პირველი კომენტარი სწორედ ჩვენთან გააკეთა.
ნონიკაშვილის განცხადებით, საქმის გახსნის მოლოდინი აქვს.
„ახალი ინფორმაცია არ მაქვს, პროკურატურიდან არავინ დამკავშირებია ბოლო თვენახევარია. მკვლელობის შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გამიკეთებია და ამას არც ახლა ვიზამ. რომც მქონდეს ინფორმაცია, მაინც არ გეტყვით“- განუცხადა ხარძიანის მეუღლემ „ნიუპოსტს“.
რაც შეეხება მიხეილ ხარძიანის ბრალდებას, რომელმაც მამის მკვლელად, გარდაცვლილის ამჟამინდელი მეუღლე - ეკა ნონიკაშვილი დაასახელა, ხარძიანის ქვრივმა არ უპასუხა.
„მე მაგ სისულელეებში არ ჩავერთვები, მის შვილს შეეკითხეთ“- განმარტა ნონიკაშვილმა.
ხარძიანების ოჯახის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით, ვინაიდან საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს, მის ხელთ არსებულ ინფორმაციებს ის ვერ გაასაჯაროებს.
„ის ინფორმაცია რაც მაქვს მე, პროკურატურას და ოჯახს, თქვენ როგორ დაგისახელოთ, როცა ზუსტად ვიცი, რომ ამით გამოძიებას შეექმნება პრობლემა? ჩემი განცხადება, რომ მკვლელის ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია და მას წლის ბოლომდე დააკავებენ კვლავ ძალაში რჩება. გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგი“- განაცხადა ადვოკატმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
ვინ იყო ბესიკ ხარძიანი?
ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციების ერთ-ერთი მფლობელი იყო. ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკვეს. მან ორი წელი გაატარა ციხეში. თუმცა ბრალდებას უარყოფდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ბიზნესმენი ხმაურიან განცხადებებს აკეთებდა და ირწმუნებოდა, რომ უსაფუძვლოდ დააპატიმრეს და ორი წლის განმავლობაში არადამიანურ პირობებში უწევდა ყოფნა.
ბიზნესმენის განმარტებით, კუს ტბის აქციები ციხეში ყოფნის დროს იძულებით დაათმობინეს, თუმცა ამის შემდეგაც არ გაათავისუფლეს. ხარძიანი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წარმომადგენელს გიორგი უდესიანსა და ვინმე ქურასბედიანს ადანაშაულებდა. ბესიკ ხარძიანმა კუს ტბის ტერიტორიის უკან დაბრუნების მოთხოვნით ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას მიმართა. გამოძიების შემედგ, მას კუს ტბის აქციები დაუბრუნდა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






