ხაშურში 42 წლის გიორგი ლომიძე ცივი იარაღით მოკლეს. ბრალდებული, 33 წლის ნიკა გონგლაძე, სამართალდამცავებმა დააკავეს. საქმე განზრახ მკვლელობის ფაქტზე აღიძრა, რაც 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდაცვლილის და ამბობს, რომ მისი ძმის მკვლელობა დაგეგმილი იყო.
მზია ლომიძე: - ერთი წლის განმავლობაში გიორგის სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა უსახლკარო ქალთან. სონია ბეკოშვილი ჩემს ძმას ხელის მოწერას სთხოვდა. უნდოდა, გიორგის სახლი ხელში ჩაეგდო. რომ არა სონია, ჩემი ძმა ცოცხალი იქნებოდა.
„კვირის პალიტრასთან“ საუბარში სონია ბეკოშვილი ამ ტრაგედიას დეტალურად იხსენებს: - გიორგი ლომიძე ჩემი მეუღლე გახლდათ. ბევრჯერ მე და ჩემი შვილი სახლიდან გამოგვყარა. ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა, განსაკუთრებით ნასვამს. თუმცა, ფხიზელიც სულ ჩხუბის მიზეზს ეძებდა... ბოლოს რომ გაგვყარა, ნიკა გონგლაძის სახლში ვიქირავეთ ბინა პირველ სართულზე. ნიკა მეორე სართულზე ცხოვრობდა. გიორგი ჩემს შვილს ემუქრებოდა. არ მალავდა, რომ ჩემს 18 წლის ქალიშვილთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება უნდოდა.
- სამართალდამცავებს არ მიმართეთ?
- ორჯერ შევიტანე განცხადბა.ვითხოვდი, გადაეჩინათ ჩემი შვილი, მივმართე უბნის ინსპექტორსაც, მაგრამ უშედეგოდ...
- რა მოხდა 21 სექტემბერს?
- გიორგი ადვილად ღიზიანდებოდა, მაგრამ ასეთი გაგიჟებული არ მინახავს. შეურაცხადი იყო. გვირტყამდა მეც და სალომესაც. ამას ნიკა შეესწრო და ჩვენი დაცვა სცადა. ბიჭების გაკავება ვერ შევძელი და პოლიცია გამოვიძახე. სანამ პოლიცია მოვიდოდა, ნიკამ დანა ამოიღო და გიორგი დაჭრა. ის მაშინვე გარდაიცვალა. ყველაფერი 15 წუთში მოხდა. პატრული სწრაფად რომ მოსულიყო, ტრაგედიას თავიდან ავიცილებდით.
- გიორგი ლომიძის და ამბობს, რომ თქვენ მისი მოკვლა ბინის გამო გინდოდათ...
- კარგის მეტი გიორგისთის არაფერი გამიკეთებია. რაც შეეხება ლომიძეების ბინას, სწორედ გიორგის დამ, მზიამ, იპოთეკური სესხი აიღო გიორგის ბინით. სად ჰქონდა გიორგის სახლი? საცოდავი კაცი გაყიდული ბინიდან გამოასვენეს. ჯერ კიდევ გიორგის ბინაში ცხოვრების პერიოდში გამოგვასახლეს და ფარდულში ვცხოვრობდით. ხშირად ვიღებდი მზიასგან შეურაცხმყოფელ სატელეფონო გზავნილებს. სალომეს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა.
მკვლელობას გამართლება არა აქვს, მაგრამ ნიკას რომ არ მოეკლა გიორგი, ჩვენ დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით. ჩვენ არც გიორგის სიკვდილი გვინდოდა და არც ნიკას ციხეში ჩასმა...
მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






