საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანია „საქართველოს“ წილები დააყადაღა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა.
როგორც ადვოკატა განმარტა, ტელეკომპანია „საქართველო“ "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელია.
სალიას ინფორმაციით, „საქართველოს“ მფლობელები, ძმები ყარამანაშვილები აპირებდნენ, რომ ტელეკომპანიის წილები დავით კეზერაშვილის ძმისთვის გადაეცათ.
"მითითებული გარიგება მიზნად ისახავდა ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენისთვის წილების გადაცემას და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ფიქტიური ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვას. სასამართლოში ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა მართლაც დიდია. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა "რუსთავი 2"-ის დღევანდელი მფლობელების მიერ კიდევ ერთი ფიქტიური გარიგების დადების წინაპირობა. როგორც კი ცნობილი გახდა მოსალოდნელი ფიქტიური გარიგების დადების თაობაზე, ჩვენს მიერ მოთხოვნილ იქნა ტელეკომპანია "საქართველოს" წილების გასხვისების აკრძალვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა“, - განაცხადა სალიამ.
მასალის გამოყენების პირობები






