საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ბაბუნაშვილი "ქრონიკა +" - სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბევრ ინფორმაციას ფლობს მაღალჩინოსნების გადაცდომებზე, სამსახურებრივ გულგრილობებზე და მათ შორის ეკა ყურშიტაშვილის საქმეზეც.
ბაბუნაშვილი აცხადებს, რომ ყურშიტაშვილი პატრულს ხშირად დასცინოდა.
"ბოლო შემთხვევის დროს ტელეფონზე ლაპარაკობდა, გაჩერება დავუპირეთ და შუა თითი გვიჩვენა. მე რაციაზე გადავეცი, რომ ესა და ეს ნომერი დარღვევით მოძრაობდა, რის შემდეგაც ის ჩემმა კოლეგამ გააჩერა. რაც მერე მოხდა, საზოგადოებამ იცის. რაციაში ვისი ხმაც ისმის, ცამეტი ვარო, ეგ არის ზურა რუხაძე. ის ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. სწორედ მისი მოთხოვნით გაუშვეს ეკა დაჯარიმების გარეშე. ამ შემთხვევაზე დაგვიბარეს ახსნა-განმარტების დასაწერად, თითქოს მანდილოსანს ვაწუხებდით. მეორე დღეს ეკას ჩანაწერი ვაჩვენეთ ქალაქის სამმართველოს უფროსს, შალვა ბარელაძეს. მისგან არ ყოფილა გაფრთხილების ტონი, პირიქით, როცა ყურშიტაშვილის ქცევებს, უყურა, გვკითხა კიდეც, - რატომ არ დააკავეთო? ავუხსენით, რომ საქმეში რუხაძე ჩაერია და მისი მოთხოვნით გავუშვით ჯარიმის გარეშე. თუმცა დარწმუნებული ვარ, ის კადრები რომ არ ყოფილიყო, მე და ჩემს მეწყვილეს მაშინვე გაგვათავისუფლებდნენ. ბარელაძესთან შეხვედრის შემდეგ დაგვიბარა ცინარიძემ, გვესაუბრა. ვინაიდან კადრები გვქონდა, ტონიც შესაბამისად დაბალი იყო, - ჩემს ინსპექტორებს არავის დავაჩაგვრინებო, - გვითხრა იქიდან გამოსულებს. შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ჩვეულებრივ გავაგრძელებდით მუშაობას. თუმცა ცინარიძემ გვითხრა, რომ ეკას მათთვის სასარგებლო ინფორმაციები მიჰქონდა, ამიტომაც არ აჯარიმებდნენ ხშირად. არ ვიცი, რამდენად სასარგებლო ინფორმაციები მიჰქონდა პოლიციაში ეკა ყურშიტაშვილს, მაგრამ ცინარიძემ ასე გვითხრა.
დაახლოებით ორ დღეში მოხდა ღამის კადრების გადაღება. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყურშიტაშვილს წინა დღეებში გადაღებული კადრები ნანახი ჰქონდა. მოხდა ჩაწერა, დაჯარიმება და ამის შემდეგ უკვე დაგვიბარეს ზვიად ჯანყარაშვილთან. იქ ჩემი მეწყვილე წაიყვანეს. ზუსტად რა საუბარი იყო, არ ვიცი, მაგრამ ამის შემდეგ დავრჩი მარტო. ჯანყარაშვილისა და ცინარიძის წყალობით ფაქტია, რომ ეკა ყურშიტაშვილს საპატრულო პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ფაქტობრივად, შერჩა". - აცხადებს ყოფილი პოლიციელი.
წყარო: გაზეთი "ქრონიკს +".
მასალის გამოყენების პირობები






