პატრულიდან წასული გიორგი ბაბუნაშვილი სკანდალურ დეტალებს ჰყვება, რომელიც მიუთითებს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები საპატრულო პოლიციას პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ.
იგი „რუსთავი 2“-თან საუბრისას იხსენებს, რომ ქორწილიდან გამოსული ნასვამი მძღოლების სახლამდე საპატრულო ეკიპაჟებით მიცილებას აიძულებდნენ.
"ცინარიძის ძმის ქორწილი იყო, რესტორან ბერმუხაში იყო ქორწილი. იქიდან გამოსულ ყველა ადამიანის გაცილება ხდებოდა უშუალოდ ჩვენი ეკიპაჟით, ნასვამი იყო, არ იყო ნასვამი სახლამდე ვაცილებდით და უშუალოდ ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა ზურა რუხაძე, ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილე",-აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი.
საპატრულო პოლიცია ბაბუნაშვილმა 8 თვის წინ დატოვა. იგი საპატრულო 305-ე ეკიპაჟის თანამშრომელი იყო. სწორედ აღნიშნული ეკპაჟი ფიგურირებდა ეკა ყურშიტაშვილის სკანდალში.
პატრულის ყოფილი თანამშრომელი იხსენებს, რომ ყურშიტაშვილის საქმიდან რამდენიმე თვეში ის ხელმძღვანელობამ დაიბარა და უთხრა, რომ მეგობრის ქორწილში მარიხუანა მოწია, რის გამოც სამსახურიდან ათავისუფლებდნენ.
ბაბუნაშვილს პოლიცია დაატოვებინეს და იმის შიშით, რომ მის წინააღმდეგ რეპრესიები არ გაგრძელებულიყო ის საქართველოდან წავიდა, ახლა პოლიციის უფროსი ლეიტენანტი პოლიტიკურ თავშესაფარს ევროპაში ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






