იოსებიძის ქუჩაზე, "პალიტრა მედიის" ოფისის წინ გველი, წითელმუცელა მცურავი, დაიჭირეს. "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გველის შესახებ სააგენტოს იოსებიძის ქუჩის მცხოვრებმა აცნობა, რომელმაც დაინახა, როგორ შეძვრა გველი ავტომობილის ქვეშ.
"ინტერპრესნიუსმა" აღნიშნულის თაობაზე 112-ს შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე მოსულმა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბრიგადამ გველის დაჭერა უსაფრთხოდ შეძლო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრიგადის წევრმა არნო ბაგრამოვმა განუცხადა, ეს 6 სექტემბერს, უკვე მეორე გამოძახებაა. აგვისტო-სექტემბერში მსგავსი გამოძახებები მატულობს, რადგან გველებს გამრავლების პერიოდი აქვთ. მისივე თქმით, წითელმუცელა მცურავი გამოჩეკიდანვე აგრესიულობით ხასიათდება.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ქვეწარმავლის ნახვის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურების გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ. მათივე განცხადებით, გველის ეს სახეობა შხამიანი არ არის.

მასალის გამოყენების პირობები






