10 დღის წინ, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოკატასტროფისას-როცა ერთმანეთს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისა და სუფსის პოლიციის ავტომანქანები დაეჯახნენ-მძიმედ დაშავებული ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომელი ზვიად პეტრიაშვილი წუხელ გარდაიცვალა.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ლანჩხუთიდან აცნობეს.
პეტრიაშვილი მომხდარიდან რამდენიმე წუთში ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსების რამდენიმე დღიანი მცდელობა, მისი სიცოცხლის გადასარჩენად უშედეგო აღმოჩნდა.
ზვიად პეტრიაშვილი რიგით მერვე დაღუპულია, რომელიც იმ ავბედით დღეს, ბათუმი თბილისის ავტომაგისტრალის წყალწმინდა სუფსის მონაკვეთზე განვითარებულ მოვლენებს შეეწირა.
ცნობისათვის:სუფსთან, წყალწმინდაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და "მერსედესის" მარკის ავტომანქანა შეეჯახნენ. შემთხვევა დაახლოებით 20:20 წუთზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილი აალდა. შიგ მყოფი 6 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მათ შორის ორი მცირეწლოვანი იყო.
როგორც ,,ნიუპოსტის" გურიის საგანგებო სიტუაციასთა სამსახურში განუცხადეს, მეშვიდე დაშავებული საავამყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა პოლიციის პიკაპს შეეჯახა, შემთხვევის მეშვიდე დაშავებულიც გარდაიცვალა. დაშავებული არიან თავად ექიმებიც.
როგორც "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






