სოფელ სანიორეში მცხოვრები 56 წლის გურამ მელიქიშვილი თელავის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
შემთხვევა, მისი განცხადებით, გუშინ, კრიმინალური პოლიციის შენობაში მოხდა. მას პოლიციელები უკანონო თევზჭერაში უსამართლოდ ადანაშაულებდნენ, ფიზიკურად კი მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც მათთვის სასურველ ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადა. მისივე განმარტებით, ცემის შემდეგ სამართალდამცველებმა დაკავებული მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე ძალით წაიყვანეს, ე.წ ხელნაკეთი თევზჭერის ელექტროაპარატი ხელში დააჭერინეს და მტკიცებულებად ფოტოები გადაუღეს.
მელიქიშვილის ოჯახი დროულ გამოძიებას და პოლიციელების სათანადოდ დასჯას ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტს უარყოფს, თუმცა უკანონო თევზჭერის შემთხვევას ადასტურებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლით, რაც ერთ წლამდე პატიმრობას ან ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






