ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ნუგზარ ცინცაძეს (ცანცუა) გუშინ საღამოს თავს დაესხნენ, მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. შეთხვევა აკეთის თემში, სოფელ ჭანჭათში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცინცაძის მეუღლემ, იამზე ჩხაიძემ მოგვაწოდა. მისი თქმით, მის მეუღლეზე თავდასხმა აკეთის ყოფილი რწმუნებულისა და ამჟამად ლანჩხუთის უპოვართა სასადილოს ხელმძღვანელის გულნარა ჩიჩუას საცხოვრებელ სახლში მოხდა.
ჩიჩუა ამ დროისთვის მომხდართა დაკავშირებით მოკლე კომენტარს აკეთებს.
„ჩოხატაურში ვარ, გადასხმას ვიკეთებ, ძალიან ცუდად ვარ და ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ თავდასხმა არც ქურდობის მიზნით მომხდარა და თავდამსხმელები ნიღბებით არ იყვნენ", - აცხადებს ჩიჩუა.
ცინცაძე ამჟამად ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. შუბლში, ფილტვსა და მკლავში. ჩხაიძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს გამოკვლევები, რამდენად შესაძლებელია ფილტვზე ოპერაციის გაკეთება.
ქალბატონი იამზეს განცხადებით, თავდამსხმელთა ვინაობა ცნობილია, თუმცა მათი დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შ.ს.ს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






