საპატრულო პოლიციის ახალ მანქანას, რომელშიც პატრულის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაცია „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა 7 დეკემბერს მცხეთასთან მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო მანქანა გზის უკიდურეს მარჯვენა გვერდულზე იდგა, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი უკანა მხრიდან დაეჯახა.
ძლიერი შეჯახების მიუხედავად, საპატრულო პოლიციის ახალი ავტომობილის, Ford Interceptor-ის დაცულობის წყალობით, პატრულის თანამშრომლები გადარჩნენ.
როგორც ცნობილია, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი მიმალვასაც ცდილობდა, თუმცა სამართალდამცველებმა მძღოლი მალევე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






