ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთის მიმდებარე ტყეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შსს ოზურგეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები ო. ა-ძე დააკავა, გატაცებული ადამიანი კი გაანთავისუფლეს.
არსებული ინფორმაციით, გატაცების ფაქტი ორი დღის წინ მოხდა. სოფელ მაკვანეთში მცხოვრებ ქალბატონს, რომელიც ოზურგეთის დაცვის პოლიცის თანამშრომლის მეუღლეა, მისსავე თანასოფლელმა ქალაქამდე ჩაყვანა შესთავაზა. თუმცა მამაკაცმა ქალბატონი გომისმთისკენ გაიტაცა. გატაცებულმა მეუღლესთან ტელეფონით დაკავშირება მოახერხა, რომელმაც დახმარებისთვის 112-ს მიმართა.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 141 მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






