ვაზისუბანში გამთენიისას ყოფილი სამართალდამცავის ავტომობილი აფეთქდა. ჯერჯერობით აფეთქების მიზეზი დადგენილი არ არის, გამოძება საქმეზე მუშაობს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა მუშაობა დაასრულეს. ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ექსპერტ-კრიმინალისტები, ასევე, გამნაღმველებიც.
მომხდარის შესახებ არსებობს რამდენიმე ვერსია. მოსახლეობის განმარტებით, მათ გამთენიისას აფეთქების ხმა არ გაუგიათ და მომხდარის შესახებ რამდენიმე საათის შემდეგ შეიტყვეს. მათივე ინფორმაციით, ავტომობილის მფლობელი ყოფილი პოლიციელი, ვალიკო დევრისაშვილია, რომელსაც ამ დროისათვის მცირე ბიზნესი აქვს.
„ეს ადამიანი არ იყო იმ პოზიციაზე, რომ მას რაღაც სახით შეხება ჰქონოდა კონკრეტულ კრიმინალთან. ამ ადამიანს არ ევალებოდა ყაჩაღების და მკვლელების დაჭერა, პირადი შეხება არ ჰქონდა. მომხდარს მე უფრო ვუკავშირებ მის ამჟამინდელ საქმიანობას, დღეს ეს ადამიანი ე.წ. ბიზნეს საქმიანობას ეწევა. ვფიქრობ, სწორედ ამას უკავშირდება მისთვის ასეთი გამაფრთხილებელი სიგნალი, მაგრამ რას უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ამის გაკეთება, დასკვნა საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, - აცხადებს მომხდართან დაკავშირებით ადვოკატი გოგა ონიანი.
რაც შეეხება ლევან იზორიას საცხოვრებელ სახლს, იზორიას დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი ამ სახლში აღარ ცხოვრობს და მხოლოდ სტუმრად მიდის ხოლმე. "ნიუპოსტს" აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.
მასალის გამოყენების პირობები






