საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ კონტროლის ზონაში, დეკლარირების წესის დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ა. შემოვიდა, რომელსაც დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა საერთო წონით - 433,06 გრამი.
მათივე ინფორმაციით, საქონლის ღირებულებამ 17452,33 ლარი შეადგინა. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის.
იმავე დღეს „სარფის“ კონტროლის ზონაში შემოსულ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ა.-ს დათვალიერების შედეგად 132,37 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა. საქონლის ღირებულებამ 5333,5 ლარი შეადგინა. საქართველოს მოქალაქე ს.ა.-ის ბარგში კი 99,42 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოჩნდა. საქონლის ღირებულებამ შეადგინა 4060,30 ლარი.
ორივე კანონდამრღვევ მგზავრს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდა, შესაბამისად, 5335,5 ლარის და 4060,30 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები






