4 წლის წინ გაუჩინარებული ნათია გიორგიძის ბურუსით მოცული ისტორია „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
ჟურნალისტური გამოძიების კვალი თურქეთში მიდის, სადაც დაკარგული გოგონა მისმა თანაქალაქელმა ქალბატონმა 3 წლის წინ ნახა. დაკარგული ნათია გიორგიძის კვალი სათვალთვალო კამერამ ბოლოს 2010 წლის 31 ოქტომბერს დააფიქსირა.
„ჩიხი სადაც ბავშვი ჩადის დააფიქსირა კაფე-ბარის ვიდეომ“,- აცხადებს დაკარგული დედა რუსუდან გიორგიძე.
ჩიხი მდინარე რიონთან ჩადის. სამართალდამცველებმა გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს.
„5 დღე ვეძებეთ, თბილისიდანაც იყვნენ მყვინთავები ჩამოსულები, ქუთაისის მაშველებმაც ეძებეს და ვერაფერი ვერ ნახეს“,- აცხადებს რუსუდან გიორგიძე.
გაუჩინარებიდან 3 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ აზა მინდელმა ნათია გიორგიძე თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე სასტუმრო „მერჯენში“ შემთხვევით ნახა.
აზა მიდენლის მეუღლის ჩვენებიდან: 2012 წლის 30-31 ივლისს ღამის სამ საათზე დამირეკა ჩემმა მეუღლემ აზა მინდელმა და მითხრა, რომ სასტუმროში ძალიან ცუდი ამბები ხდებოდა. მითხრა რომ 20-22 წლის ქუთაისელი გოგონა სახელად ნათია გიორგიძე მოიყვანეს, რომელიც 2 წლის დაკარგულია და ეძებენო. მთხოვა დავკავშირებოდი ვინმე ავტორიტეტს და ოჯახს, რომ როგორმე დავმხმარებოდი ამ გოგონას.
ამ ზარის შემდეგ აზა მინდელი მალევე გარდაიცვალა. მინდელებს ამ საქმეზე საუბარი არ სურთ, ამიტომ „ქრონიკამ“ კოტე მინდელი ფარულად ჩაწერა.
„დღესაც მაგას ვიტყვი მე რომ აზა მოწამლეს იმის გამო, რომ შეესწრო მაგ ფაქტს“,- აცხადებს კოტე მინდელი.
რუსუდან გიორგიძე შვილის საძებნელად თურქეთში „ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად გაემგზავრა.
„იფსალას“ პოლიციაში ნათია გიორგიძის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა სასტუმრო „მერჯანი“ სადაც აზა მინდელმა ნათია გიორგიძე ნახა სწორედ საზღვრის პირას მდებარეობს.
„სასტუმრო „მერჯენი“ 2 წელიწადნახევარია ოფიციალურად დახურულია, თუმცა შესაძლებელია არალეგალურადაც ამუშავებდნენ“, - აცხადებდნენ პოლიციაში.
რა ბედი ეწია 19 წლის ნათაი გიორგიძეს უცნობია. მის მსგავსად საქართველოში ასობით ადამიანია დაკარგული. 2010 წლიდან დღემდე გაუჩინარებულთა რაოდენობა 700-ს აღწევს.მასალის გამოყენების პირობები






