ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი ბრაზილიის გამარჯვებით დასრულდა
სპორტი - 09:47, 13 Jun, 2014     3482

გულდასაწყვეტია, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩი დაუკმაყოფილებლობის განცდას გიტოვებს. ალბათ მიხვდით: ვგულისხმობთ პენალტს, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო იყო და რომლის წყალობითაც ბრაზილიის ნაკრებმა მატჩში გარდატეხა შეიტანა.

რომ არა ეს თერთმეტმეტრიანი, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ "სელესაოს" ეს შეხვედრა ვერ მოეგო.

თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მსაჯებს მუნდიალის მასპინძლების მიმართ სიმპათიები ყოველთვის ჰქონდათ, აქვთ და, სავარაუდოდ, მომავალშიც ექნებათ.

ასეა, თუ ისე, მუნდიალი დაიწყო, ბრაზილიელები ხარობენ, ხორვატები კი უნდა შეეგუონ იმას, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიაში მიმდინარეობს... პრინციპში, შეგუებულები არიან.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, როგორც მოსალოდნელი იყო, მოედანზე ის თერთმეტი ფეხბურთელი გაიყვანა, რომლითაც 2013 წელს კონფედერაციათა თასის ფინალში ესპანეთს მოუგო. ანუ: ერთადერთი კლასიკური ცენტრფორვარდი 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ფრედი გახლდათ, მის უკან კი ნეიმარი, ოსკარი და ჰალკი მოქმედებდნენ.

სიურპრიზები არც ხორვატიის ნაკრების დამრიგებელ ნიკო კოვაჩს შემოუთავაზებია: დისკვალიფიცირებული მარიო მანჯუკიჩი ცენტრფორვარდის პოზიციაზე იელავიჩმა შეცვალა, რომელსაც უკნიდან ამბიციური პერიშიჩი, ნიჭიერი კოვაჩიჩი და გამოცდილი ოლიჩი ეხმარებოდნენ.

ჰალკი-ოსკარი-ნეიმარის ტრიოს განეიტრალება კი მოდრიჩისა და რაკიტიჩის დუეტს დაევალა.

გოლები
0:1 მარსელო (11-საკუთარ კარში): ოლიჩმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ ჩააწოდა, სადაც ბრაზილიის ნაკრების ცენტრალურ მცველებს იელავიჩმა დაასწრო, ბურთს მიმართულება კი შეუცვალა, მაგრამ არა ისე, როგორც სურდა, თუმცა ის, რაც მოახერხა, საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ანგარიში გახსნილიყო: ბურთი მარსელოს მოხვდა და ჟულიო სეზარის კარში შეგორდა.

1:1 ნეიმარი (29): ხორვატიის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველებმა ნეიმარს ხელი ვერ შეუშალეს, "სელესაოს" ვარსკვლავი საჯარიმოსკენ დაიძრა და შორიდანვე ცაციით დაარტყა. დარტყმა ძლიერი არ გამოვიდა, მაგრამ პლეტიკოსა ბურთს ვეღარ მისწვდა.

2:1 ნეიმარი (71-პენალტით): ბრაზილიელთა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ოსკარის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი ფრედმა მიიღო და დაეცა. ლოვრენი მას ხელით მხარზე შეეხო, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მოქაჩა, ან უბიძგა. მსაჯმა იუიჩი ნიშიმურამ კი პენალტი დანიშნა, რომლის შესრულება ნეიმარმა ითავა. მის დარტყმულს პლეტიკოსა შესწვდა, მაგრამ ვერ მოიგერია. თერთმეტმეტრიანი, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო იყო.

3:1 ოსკარი (91): ხორვატთა რეალურ მომენტს ბრაზილიელების კონტრშეტევა მოჰყვა, რომელიც ოსკარმა იდეალურად დააგვირგვინა - დაბალი დარტყმით პლეტიკოსას ახლო კუთხეში გაუტანა.

საუკეთესო ფეხბურთელი
ნეიმარი (ბრაზილია)
ბრაზილიას ყველაზე მეტად ნეიმარის ეიმედება, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი "სელესაოში" ყველაზე მძიმე წნეხის ქვეშაა მოქცეული.

ხორვატიასთან შეხვედრაში ნეიმარმა ამ ზეწოლას გაუძლო, წნეხს თავი გაართვა და, რაც ყველაზე მთავარია, პასუხისმგებლობას არ გაურბოდა. ნეიმარი იყო ყველგან, სადაც გუნდს სჭირდებოდა, თითქმის ყოველთვის ითხოვდა ბურთს და პასებით თანაგუნდელებსაც ამარაგებდა.

მატჩის გმირობას კი პირველ რიგში იმის გამო იმსახურებს, რომ სწორედ მან გაიტანა გოლი მაშინ, როცა ბრაზილიელებს უკვე დეპრესია ეწყებოდათ. ნეიმარმა გამოიყენა პენალტიც (ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი დასანიშნი).

მასთან ერთად, უდავოდ გამორჩეული იყო ოსკარიც. აქვე ვთქვათ, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამაც ნეიმარი დაასახელა.

მსაჯი
იუიჩი ნიშიმურა მატჩს თავიდან ერთობ სოლიდურად უძღვებოდა. იაპონელი არბიტრი ნამდვილად იმსახურებს ქებას იმის გამო, რომ ბრაზილიურ პუბლიკას არ შეუშინდა და ნეიმარს მოდრიჩისთვის იაყვის ჩარტყმის გამო ყვითელი ბარათი აუფრიალა.

თუმცა, აშკარად საკამათო პენალტით, რომელიც მან ხორვატიის ნაკრების კარში დანიშნა, ნიშიმურამ ყველაფერი წყალში ჩაყარა. ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება, რომელმაც ყველა მისი სწორი გადაწყვეტილება გადაფარა და გადაწონა.

ანალიზი
თამაში თავიდანვე გახსნილი იყო, სივრცე არცერთ გუნდს არ აკლდა. ხორვატები ბრაზილიელებს თავიდან ზედმეტად ბევრს უბედავდნენ და რამდენიმე ძალიან სახიფათო კონტრშეტევით უკბინეს.

ბრაზილიის ნაკრების მცველებს კი დაბნეულობა ეტყობოდათ - ეს განსაკუთრებით მარსელოზე ითქმის, ოღონდ არა მარტო იმიტომ, რომ ავტოგოლი გაიტანა, არამედ იმის გამო, რომ მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი ხშირად სცოდავდა. აღსანიშნავია, რომ მოწოდების სიმაღლეზე არც ბრაზილიელთა მარჯვენა მცველი დანი ალვეში იდგა.

ხორვატიის ნაკრები დაცვაში კომპაქტურად იდგა და ეს კომპაქტურობა ბრაზილიელებს დიახაც ანერვიულებდა. მოგვიანებით "სელესაომ" პრესინგს მიმართა, რამაც შედეგი გარკვეულწილად გამოიღო.

ბრაზილიელთა იერიშები განსაკუთრებით სახიფათო მაშინ იყო, როცა როცა ნეიმარი, ოსკარი და ჰალკი პოზიციებს ცვლიდნენ და კომბინაციების გათამაშებას ახერხებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ნეიმარი აქტიურობდა, რომელიც ფლანგებზეც ხშირად გადადიოდა და სიღრმიდანაც არაერთი იერიში წამოიწყო.

მას მერე, რაც ბრაზილია წინ გავიდა, ხორვატებს სიბრაზემ მალე გადაუარათ და ბურთსაც დაეუფლნენ, თუმცა მთავარ მეპასეებს, მოდრიჩსა და რაკიტიჩს იდეები აკლდათ. ოლიჩი და პერიშიჩი კონტრშეტევებზე აქტიურობდნენ, მაგრამ ბოლოს დაღლა დაეტყოთ.

დასკვნა
ბრაზილიის ნაკრებმა შეტევაში ხორვატიის ნაკრებზე გაცილებით ბევრი რამ გააკეთა და აქედან გამომდინარე შეიძლება იმის თქმა, რომ გამარჯვება დაუმსახურებელი არ არის, მაგრამ პენალტმა, რომლითაც "სელესაო" წინ გავიდა, ამ გამარჯვებას ჩირქი მოსცხო. იმედია, დაუკმაყოფილებლობის განცდა ამ მუნდიალზე აღარ გვექნება.

მსოფლიოს ჩემპიონატი. A ჯგუფი. I ტური
სან პაულუ. "არენა დე სან პაულუ"
ბრაზილია-ხორვატია 3:1
გოლები: 0:1 მარსელო (11-საკ. კარში), 1:1 ნეიმარი (29), 2:1 ნეიმარი (71-პენ), 3:1 ოსკარი (91)
ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო - პაულინიო (63. ერნანეში), ლუის გუსტავო - ნეიმარი (88. რამირესი), ოსკარი, ჰალკი (68. ბერნარდი) - ფრედი.
ხორვატია (4-2-3-1): პლეტიკოსა - სრნა, ჩორლუკა, ლოვრენი, ვრსალკო - რაკიტიჩი, მოდრიჩი - პერიშიჩი, კოვაჩიჩი (61. ბროჟოვიჩი), ოლიჩი - იელავიჩი (78. რებიჩი).
გაფრთხილება: ლუის გუსტავო, ნეიმარი - ჩორლუკა, ლოვრენი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 5-20; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 14(6)-11(3); ბურთის ფლობა: 61%-39%.

წყარო: სპორტალ.ჯი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42