ბოლოდროინდელი მოვლენების ერთმა მონაწილემ ხუმრობით კი თქვა გაზაფხულია და პათოლოგიების გამწვავება იცისო. ალბათ ასეც არის, ყველა ხუმრობაში ხომ სიმართლის მარცვალი არსებობს. ხელისუფალთა მორიგი ისტერია ასეც შეიძლება გავიგოთ, თუმცა ალბათ უფრო ტრივიალურ და რაციონალურად ახსნად ამბებთან გვაქვს საქმე, როგორც მგონია. პუტინის მორიგი შემოტევა–შემოწყრომა ჰქვია ამას სახელად არც მეტი და არც ნაკლები.
დავიწყოთ ,,მესიის“თავდასხმის ტრაგიკომიკური ეპიზოდით პრეზიდენტზე, რომლის სადარი სულ რამდენიმე თვის წინათ ერთი ვარსკვლავიც კი არ იყო ცაზე და უცებ ასეთი გულაცრუება. მის მოთქმას, ლოგიკურად, ,,გამზრდელის“ ცნობილი სიტყვები უნდა მოჰყოლოდა, ,,სასიკვდილო მევარ მხოლოდ“ ამოეკვნესა და დამბაჩისკენაც უნდა წაეღო ხელი. მაგრამ ეს ზნეობრივი გმირის, ერის წინაშე მოვალეობისა და პასუხისმგებლობის მქონე დამარცხებული მოძღვრის ხვედრია და არა მისი. მას მხოლოდ მბრძანებლისადმი შიში ალაპარაკებდა. ყმის რეაქციაა გულმოსული ბატონის შეყვირებაზე, ყურმოჭრილახეული ლაქიის შიში და ბნედები. იქცევა ისე, როგოც მას ექცევიან. ამბობს იმას, რასაც მას ეუბნებიან და ისე, როგორც ისინი.
როგორც სჩანს, უკრაინის მოვლენებში ივანიშვილმა მოსკოველი პატრონებს იმედები გაუცრუა. აქ საქართველოს თავის როლი ჰქონდა. არა ისეთი, როგორიც სომხეთს ან ყაზახეთს. ამათგან განსხვავებით,საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ღიად რუსეთისათვის მხარდაჭერა ვერ იქნებოდა. საზოგადოებრივი აზრი ამას ვერ მიიღებდა. საქართველოს ოფიციალური თუ არაოფიციალური მთავრობის ნებადართული იმიჯი დასავლური ფასადი და ნიღაბია, ჩვენთვის გამაბრუებელი და ტკივილგამაყუჩებელი. დავალება კიდევ – ამ საბურველით რეალურად, სწრაფად და ეფექტიანად რუსული საქმეების კეთება.
,,ბელადომანიის“ სინდრომის ჩვენეული ნაირსახეობა კარგად აქვს შესწავლილი მტერს. ამჯერადაც ზუსტად ისეთივე ფორმულა მოქმედებს, როგორც შევარდნაძის დროს–ფასადი დასავლური, საქმეები რუსული. ჰოდა, კრემლის უკრაინულ პიესაში საქართველოსათვის დასავლეთის დადანაშაულება იქნა მიჩენილი კოსოვოს აღიარების გამო. სავარაუდოდ, პრეზიდენტს პუტინის ყირიმულ ყაჩაღობები ამ,,პრეცენდენტის“ გამო დასავლეთის დამუნათებით უნდა გაემართლებინა. ანუ ორმაგ სტანდარტებში ემხილებინა. ამას ოფიციალური პრემიერი ვერ იზამდა, რადგან მას დასავლური იმიჯმეიკერის მეტად საშური საქმე აკისრია, ,,უსაქმური“ მარგველაშვილისათვის კი ეს ზედგამოჭრილი იქნებოდა მისი თანამდებობა–ტიტულიდან და შესაბამისად, განცხადების რეზონანსულობიდან გამოდინარე.
ეს როლი წინასწარ ცნობილმა კრემლოიდმა და ყოვლისმცოდნე ექპერტმა არშიძემ სახელდახელოდ დააანონსა პრესკონფერენციაზე, ზუსტად იგივე სიტყვებით. შემდეგ კი გაიმეორა უმრავლესობის ლიდერმა ვოლსკიმ, როგორც ამბობენ, ფარული კაბინეტის მეორე კაცმა. მაგრამ არაფერი გამოვიდა. მათი ,,ქადაგებები“ ჰაერში გამოეკიდა და გადაიფარა. პრეზიდენტი ჩრდილოეთიდან დადგენილი კონტექსტიდან ამოვარდა და უჩვეულოდ მკაცრი, ერთმნიშვნელოვანი და საკმაოდ მკვახე განცხადება გააკეთა რუსეთის მიმართ და უკრაინის მხარდასაჭერად. ეს კი მეტისმეტი იყო. ,,პირველმა მოქალაქემ“ მეორე დღესვე საკუთარ ტელევიზიაში ქვა–ქვაზე არ დატოვა მარგველაშივილისაგან. როგორც ამბობენ, მისი ნაუბარი შვილმაც გარეპა. ეს მეთოდი პრემიერყოფილმა ადრეც გამოიყენა, როდესაც ამას წინათ პატრიარქს შეუტია. მაშინაც და ეხლაც თავდასხმის მოტივი პატრიარქსა და პრეზიდენტზე ერთიდაიგივე იყო – მათი ნათელი და მკაფიოდ პროდასავლური გზავნილები მაშინ, როდესაც ეს კრემლს ყველაზე მეტად არ სურდა.
ამას მაფიქრებინებს აგრეთვე, ივანიშვილის არგუმენტების სრული უსუსურობა და დროში მნიშვნელოვნად აცდენაც, როგორც პირველ შემთხვევაში იყო. ამჯერად, ყოფილი პრემიერი დღევანდელ პრეზიდენტს ვითომ ედავებოდა ,,ვეტოზე“, თანაშემწესა და ავლაბრის რეზიდენციაში გადაბარგებაზე.
მოწმეთა სასამართლოში დაკითხვაზე ვეტოს დადების ისტორია ახალი არ იყო. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა,პრეზიდენტის თავდაპირველი პოზიცია საზოგადოებისათვის ცნობილი არ იყო და ვეტოც არ დადებულა. ასე, რომ თუ რამ საკრიტიკო ჰქონდა მამა–მარჩენალს ეს მაშინათვე, ცხელ კვალზე უნდა გაეკეთებინა. თუმცა საკრიტიკო არც არაფერი იყო. ხელქვეითის მცირედი ანცობა კულუარულად უმნიშვნელო ძალისხმევით ჩაიფარცხა და ამიტომ პრობლემატურ სურათს ნამდვილად ვერ შექმნიდა. ბოლოს და ბოლოს რა მოხდა იმითაც, თუ პრეზიდენტმა რომელიმე კანონზე ვეტოს დადება მოისურვა, რაღაცაზე თუ გაიფაფხურა ხოლმე. რით ვერ მოეძებნებოდა ამას გამართლება კონსტიტუციური წყობით თუ ,,მეოცნებეთა“ ქებული დემოკრატიით, თანაც ისეთ ვითარებაში, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევის მტკიცე მექანიზმი გააჩნია თავის სიმრავლითა და ერთსულოვნებით.
არც ნაციონალი მაჭავარიანის ძმის პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობა იყო ახალი ამბავი. ის მარგველაშვილმა იმთავითვე ამოიყენა გვერდით და ალბათ ,,გურუსაც“ ჰკითხა. რომც არ ეკითხა და ეს დანიშვნა ასეთი მიუღებელი ყოფილიყო, ალბათ რეაქციაც მაშინათვე იქნებოდა და არა მგონია იმ ვითარებაში პრემიერისათვის არასასურველ პირს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა გაეგრძელებინა. უბრალოდ, თანაშემწესაც დანაშაულად დასავლურ განცხადებაში თანამონაწილეობა ჩაუთვალეს და მის უფროსს ზედ მიაყოლეს.
ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის სამუშაოდ გადასვლის მიმართაც არ იყო ,,მეოცნებებში“ ბოლო დროს შეურიგებელი ანტაგონიზმი. გავიხსენოთ, სულ ახლახანს, პარლამენტის თავმჯდომარე ამით შეევაჭრა კიდევაც უმცირესობას – თქვენ დაგვეთანხმეთ პარლამენტის თბილისში გადატანაზე და ჩვენ დავითანხმებთ პრეზიდენტს ავლაბარში გადასვლაზეო. მაშინ უმრავლესობამ ძალიან მშვიდად მიიღო თევმჯდომარის ეს რეპლიკა. თმა არავის გაუშლია და სახე არ ჩამოუხოკავს. დავიჯერო, ეს ივანიშვილის დასტურის გარეშე მოხდა? რა თქმა უნდა, არა.
ერთი სიტყვით, აქეთ არგუმენტები და იქით აღშფოთების ხარისხი და დრო ისევ სრულიად შეუწონადი აღმოჩნდა გონიერი განსჯისათვის. როგორც იტყვიან, არათანაბარზომადი, თუ არ გავითვალისწინებთ მთავარს, რომელიც არ თქმულა და ვერც ითქმებოდა. ეს კი პრეზიდენტის რადიკალური პროდასავლური განცხადება იყო. პრემიერყოფილი სწორედ ამან გააცოფა, წყობიდან გამოიყვანა და მიზეზს საბაბი ჩაანაცვლა.
ასე რომ ,,მოქალაქის“ ვაი–ვიში, არ დაიჯეროთ, სულ არ არის შეგირდის უკუღმართობებით დამწუხრებული დამრიგებლის გოდება. ეს უხეიროდ შესრულებულ დავალებაზე სასჯელის მომლოდინე დამფრთხალი ლაქიის წივილ–კივილია,წყევლა–კრულვა და ქვათაცვენაა მიუდგომელი შუშის სასახლიდან.
მეორე შეუსრულებელი ბრძანება და თავსატეხი ისევ საქართველოს პრეზიდენტია, ოღონდ ყოფილი, ისიც ისევ უკრაინის ამბების გამო. ვერაფრით მოთოკეს რუსებმა მისი ჰიპერაქტიურობა დასავლეთში, უკრაინაში და მსოფლიო საინფორმაციო საშუალელებში, ვერც თვოთონ, ვერც ჩვენი ხელისუფლების ხელით. ის ყველგან ძალიან მძიმე დარტყმებს აყენებს პუტინს საკმაოდ ზუსტი და ეფექტიანი განცხადებით თუ სხვა საქმეებით. ამიტომ, ქვების შემდეგი გროვა ეხლა აქეთკენ ცვივა. სამიზნე ამჯერად მიხეილ სააკაშვილია, რომლის დაპატიმრების რესკრიპტი მოსკოვიდან ადრე გაიცა, ვერაფრით შესრულდა და ამ მიმართულებით მოქმედება უკვე სასიცოხლოდ აუცილებელია საქართველოს დე–ფაქტო მმართველისათვის.
საბაბი აქ ,,ჟვანიას საქმეა“. საბოლოოდ, ამ ახალი საქმიდან არაფერი დარჩება, არსებითად გამოსაძიებელი არც არაფერია და მხოლოდ გარდაცვლილების სახელი და ოჯახები იზარალებს. ეს პროკურატურაშიც კარგად იციან და ხელისუფლებაშიც. მაგრამ ამას არაფრად დაგიდევენ, პუტინისათვის ბოლომდე უნდა გადადონ თავი, ბულდოზერსაც კი უნდა ჩაუწვნენ. იზოლაციაში აღმოჩენილ, ყადაღებდადებულ რუსეთს სასწრაფოდ სჭირდება ჟანგბადის ბალიშის მიწოდება, საერთაშორისო ხმაური, სკანდალი და მტკივნეული დარტყმა მოწინაღმდეგეებზე იმავე ფორმულით, რომელზედაც უკვე მოგახსენეთ – დასავლური დემოკრატიის ნიღბით რუსული საქმები.
ყმადმორჩილებისათვის თითის ქნევით მოთხოვნილია სააკაშვილის თავი და ისინიც ამას დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ ბატონისადმი ჩვეული მოკრძალებითა და ძრწოლით. ამ აქციის საბოლოო მიზანი კი ისევ ისეთია, როგორც ,,მინარეთის ისტორიის“ ან რასმუსენის ვიზიტის დროს ოპოზიციის მასობრივი დაპატიმრებისას. დასავლეთმა თავად უნდა თქვას უარი პაპუასების ქვეყანაზე.
ნიშანდობლივია, რომ რეპრესიების ამ ტალღას სხვებიც მოჰყვნენ ისევ უკრაინის გამო. იქიდან ჩამოსული კახა ბენდუქიძეს, რომელსაც ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა და აშკარად უკრაინელებს მეტად სასარგებლო რჩევები მისცა, აქ პროკურატურის უწყება დაახვედრეს და სასაცილოდ უცნაური დაკითხვა მოუწვეს. სასწავლო პროგრამებით დაინტერესდნენ. იგივე ბედი ეწია ყოფილ გენერალურ პროკურორსაც, რომელიც უკრაინისაკენ მიმავალი თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოხსნეს, იქვე მიარბენინეს და როგორც ირკვევა სამსახურეობრივი სეიფის სრულიად უღიმღამო ისტორიის საკითხავად, რისიც თვითონაც არ სჯერათ. ამჯერად სააკაშვილსაც გამოუცხვეს უწყება.
ეხლა ვამბობ და მომავალში, თუ სხვანაირად იქნა, ბოდიშს არ ვითაკილებ. გარეთ ყველასთვის ყველაფერი დღესავით ნათელია. იქ სულელები და ბრიყვები არ არიან და არა მგონია ჰაკიმ ფაშა–ივანიშვილის ვირეშმაკობებს ვერ ამჩნევენ და ვერ ხვდებიან. მეფე დიდი ხანია შიშველია. შიგნითაც უკვე ბევრი ხედავს ამას და უფრო მეტი დაინახავს. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ისტორიის კანონზომიერებებთან გვაქვს საქმე და გული მიგრძნობს, ეს დროც მოახლოებულია.
აღვირახსნილი მოძალადე რუსეთისათვის მისი ათვლა უკვე დაიწყო, მსოფლიო სანქციები მოქმედებაშია. შუშის სასახლის მბრძანებლისათვისაც ცხრა მთას იქით ნამდვილად არ არის დრო, როდესაც სამშობლოსათვის ნასროლი ყველა ახალი თუ ძველი ქვა, უკან ლოდებად დაუბრუნდება!
მალხაზ პატარაია
მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე
მასალის გამოყენების პირობები






