ბრახუნის ხმა TV MR-ის კარზე და შეტევა რუსთავი 2-ზე - შევარდნაძის უშიშროებიდან ხადურის შემოსავლების სამსახურამდე
პოზიცია - 21:51, 18 Mar, 2014     3588

დავუშვათ შემოსავლების სამსახური მართალია, და ისიც დავუშვათ, რომ ხადური ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს - ისიც კი უნდა იცოდეს, ვის რა მარკის ტელევიზორი აქვს სახლში და რა ქუჩები და სახლის ნომრები მონაწილეობენ სატელევიზიო ბაზრის გაზომვაში. დავუშვათ ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ეგებ, ვინმემ აგვიხსნას, რატომ უნდა აღსრულდეს „კანონი“ შუაღამისას; რატომ არის საჭირო შემოსავლების მონიტორინგის სამსახურმა შუაღამისას მიუბრახუნოს კარებზე კომპანია TV MR-ს, რომელიც ტელევიზიების რეიტინგებს ადგენს?

ასეთი ბრახუნის ხმა ბოლოს შევარდნაძის დროს გავიგეთ, როცა მაშინდელმა უშიშროების სამსახური ტელეკომპანია რუსთავი2-ის ოფისში შეიჭრა ფინანსური დარღვევების მოტივით. სხვათაშორის, მოგვიანებით თქვეს, უკან არ უნდა დაეხიათ და რომ კომპანიას ფინანსური დარღვევები ნამდვილად ჰქონდა. მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა.

ფინანსური მდგომარეობა შემოსავლების სამსახურმა TV MR-ს რამდენჯერმე შეუმოწმა. თუმცა, ვერაფერი უპოვა და, როგორც მიანიშნებენ, ვიღაც ჭკვინმა „გამოსავალიც“ ჭკვიანური იპოვა და მოითხოვა ის, რაც თავიდანვე უკანონო იყო - იმ რესპოდენტების სია, ვინც რეიტინგების დადგენაშია ჩართული. კომპანია TV MR-მა სიები არ გასცა. მათი განმარტებით, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია:

,,შპს „თი-ვი ემ-არ საქართველო“ არ ეწინააღმდეგება შემოწმების პროცესს და დროულად წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ოფისში არსებული ყველა ძირითადი საშუალება, საბუღალტრო-სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ყველაფერი, გარდა საკვლევი ოჯახების მისამართების კონფიდენციალური ინფორმაციისა. მეტიც, კომპანიამ შესთავაზა აუდიტის დეპარტამენტს ინვენტარიზაციის ალტერნატიული მეთოდი - ძირითადი საშუალებების სერიული ქარხნული ნომრების მიხედვით აღწერა ოფისში, მათი ყოველკვირეული ჩანაცვლებითი დემონტაჟის მეშვეობით, რათა არ შეჩერდეს კომპანიის საქმიანობა. ამით აუდიტის დეპარტამენტს საშუალება ექნება, აღწეროს სრულად ყველა ძირითადი საშუალება, თუმცა, კომპანიის ამ შეთავაზებაზე აუდიტის დეპარტამენტმა უარი განაცხადა. შპს „თი-ვი ემ-არ საქართველომ“ ასევე შესთავაზა აუდიტის დეპარტამენტს, შემთხვევითი შერჩევით საკვლევი ოჯახების 5-10%-ის მისამართების გადაცემა, რის შემდეგაც ეს ოჯახები აღარ მიიღებენ მონაწილეობას კვლევაში და ამით დაცული იქნება კომპანიის და სახელმწიფოს ინტერესები“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განმარტა, რომ უწყება უკანონოს არაფერს ითხოვს და რომ კომპანია ვალდებულია შემოსავლების სამსახურის მოთხოვნები დააკმაყოფილოს:

,,კომპანიაში ინვენტარიზაცია ჩატარდა შემოსავლების სამსახურის მიერ, კომპანიის ოფისში. მაგრამ კომპანიის კუთვნილებაში არის სხვა მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობები, რაც ოფისის მიღმაა განლაგებული. ფინანსთა მინსიტრის 2010 წლის ბრძანება კომპანიის კუთვნილებაში არსებულ მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვის წესს არეგულირებს. ამ ფასეულობების აღრიცხვა უნდა მოხდეს განთავსების ადგილის მიხედვით".

ღამის „თავდასხმის“ შემდეგ, პოლიტიკური შეფასება კომპანია IPM მონიტორინგის ( TV MR საქართველოს პარტნიორი კომპანია) დამფუძნებელმა გოჩა ცქიტიშვილმა გააკეთა:

,, სამი კვირის წინ, პრივატული შეხვედრა ითხოვა ერთერთმა ტელევიზიამ. ცოტა ხანში ყველაფერს მოგიყვებით. პრივატულ შეხვედრაზე გვთხოვეს, რომ რამენაირად გადამეცა სიები. ავუხსენი, რომ სიები ჩემი არ იყო და არ გამოადგებოდათ, იმიტომ, რომ ოჯახებზე ზეწოლა მალე შვეიცარული კომპანიის მონიტორინგის სამსახურისთვის გახდება ცნობილი. მოვყვები, თუ რა გადაწყეტილებას მიიღებენ ეს ბატონები, რომლებმაც, კომპანიის დირექტორს, იძულებით, სამსაათიანი ზეწოლის შემდეგ, აქტზე მოაწორინეს ხელი. ერთი მიზეზი ამ აქტისა არის კონფიდენციალური სიების ხელში ჩაგდება“, - ამბობს ცქიტიშვილი.

რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას?

სოციალურ ქსელებში შემოსავლების სამსახურის შეტევა პირდაპირ რუსთავი2-ს და მის მაღალ რეიტინგს დაუკავშირდა. ითქვა, რომ კომპანია TV MR აყალბებს მონაცემებს და კვლევებში რუსთავი2-ს მაღალ რეიტინგებს უწერს. ამიტომაც, არის ის ყველაზე რეიტინგული და ამიტომაც უჭირვს მას ყველაზე დიდი სარეკლამო ბაზარი.

ეს სტერეოტიპი წესით ია ანთაძის მიერ ჩატარებულ კვლევას უნდა დაენგრია, თუმცა, საქართველოში მითები და სტერეოტიპები მარტივად იქმნება, მაგრამ ძალიან რთულად ინგრევა. მახსოვს, ია ანთაძის მიერ დამოუკიდებლად ჩატარებულ კვლევაშიც, რუსთავი2 ბევრად უსწრებდა რეიტინგებში სხვა სატელევიზიო არხებს. ამ შედეგის გამო ია ანთაძემ თავისი ცნობილი ფრაზა თქვა: ვერ ამოვხსენი რა ჯადო აქვს რუსთავი2-სო.

ამ ჯადოს ახლა სწორედ კომპანია TV MR-ში ეძებენ, ჯადოქრობა კი, გოჩა ცქიტიშვილსაც ბრალდება და რუსთავი2-საც, რომლებიც, თურმე, შეკრულები არიან და ერთობლივად ახდენენ მონაცემების გაყალბებას. ექსპერტები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ ამ კომპანიაზე დარტყმით დაინგრევა სატელევიზო-სარეკლამო ინდუსტრია, რომელიც კვლევების შედეგებით ერთმანეთზეა მიბმული. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო დიდია სარეკლამო დაკვეთა. თუკი, კვლევაში მონაწილე რესპოდენტების კონფიდენციალურობა დაირღვევა, მაშინ ბიზნესი კვლევების მიმართ ნდობას დაკარგავს და ეს ბაზარზე დიდ ქაოსს გამოიწვევს. იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებას რესპოდენტების მისამართები პროცესში ჩარევისთვის სჭირდება, საკმაოდ მაღალია. სხვა შემთხვევაში შუაღამისას სიების ამოსაღებად „რაზმის“ გაგზავნა შემოსავლების სამსახურს არ დასჭირდებოდა და არც გოჩა ცქიტიშვილი იტყოდა, რომ მას რესპოდენტების სიების მოპოვება და მისი ფარულად გადაცემა შესთავაზეს. შეთავაზების ადრესატი ცქიტიშვილს ჯერ-ჯერობით არ დაუზუსტებია.

რესპოდენტების მისამართები კონფიდენციალურია არა იმიტომ, რომ ეს ვინმეს ახირებაა, არამედ იმიტომ რომ ასეთია საერთაშორისო სტანდარტი და ნორმა. სწორედ კონფიდენციალურობა და კომპანიის იმიჯი (რომელიც ქართული არ არის და ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მსოფლიო კვლევების ბაზარზე) აძლევს ბიზნესს საშუალებას ენდოს კვლევების მონაცემებს და რეკლამის განთავსების გადაწყვეტილება მიიღოს.

ია ანთაძე შემოსავლების სამსახურის ქმედებებს არასწორს უწოდებს და ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

საერთაშორისო სტანდარტით, იმ ტიპის ინფორმაცია, რის ამოღებაზეცაა საუბარი შემოსავლების სამსახურის მიერ, არის დაფარული ინფორმაცია. დანარჩენი ყველაფერი ჩემთვის უცნობია. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ პროცესი არაა ჯანსაღი. ჩვენ ყველაფერს, რაც ეხება ტელევიზიებს, საზოგადოების და მედიის ურთიერთობას, უნდა მოვეკიდოთ ძალიან დიდი სიფრთხილით. ამიტომ, რაც მალე შევა სიცხადე ამ საკითხში და რაც ნაკლებად დაზარალდება ის ორგანიზაცია, რომელსაც ჯარიმის გადახდა დაეკისრა, მით კარგად წავა ჩვენი საქმე, რადგან ასეთი გაურკვეველი ნაბიჯები ყოველთვის აზარალებს ხელისუფლებას.

კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, კონფიდენციალურობის დაცვა ასეთი კვლევებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მზად არის, შემოსავლების სამსახურს ფიფლმეტრების აღწერის ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზოს. შეთავაზება გაკეთდა კიდეც. კერძოდ: კომპანია შეადგენს გრაფიკს და დღეში 50 ფიფლმეტრს მოხსნის რესპოდენტის ტელევიზორებიდან და შემოსავლების სამსახურში აღსაწერად მიიტანს, რაკიღა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ მისამართები კი არ სჭირდებათ, არამედ, აპარატურის აღრიცხვა.

ექსპერტების განმარტებით, ეს მისაღები უნდა იყოს სამინისტროსთვის, რადგანაც თითოეულ აპარატს უნიკალური კოდი გააჩნია. შესაბამისად, ძირითადი საშუალებების აღწერაც მარტივად მოხერხდება. თუმცა, ამ ალტერნატივაზე შემოსავლების სამსახურმა უარი განაცხადა. მათ ჯიუტად აინტერესებთ რესპოდენტების მისამართები.

კომპანიამ უარი თქვა კონფიდენციალურობის დარღვევაზე, რის გამოც 800 ლარით ის უკვე დაჯარიმდა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ შემოსავლების სამსახურმა იმდენად მაღალი ფინანსური სანქციები შეიძლება დაუწესოს კომპანიას, რომ ის გაკოტრების პირას მიიყვანოს. ასეთი ზეწოლა ბევრს აფიქრებინებს, რომ ხელისუფლების მიზანი კომპანიის დახურვაა. თუმცა, ჯერ არაფერს ამბობენ, იმ ალტერნატიულ კომპანიაზე, რომელიც ახალი ხელისუფლების ნდობით ისარგებლებს.

ის, რომ TV MR საქართველოს შემოწმება რიგით ფაქტად არ დარჩება, ამას მოწმობს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული არაერთი ოფიციალური განცხადება.

თავის მხრივ, განცხადებას ავრცელებენ შპს TV MR საქართველოს დამკვეთი ტელეკომპანიები და სარეკლამო სააგენტოები და მიუთითებენ, რომ მათ საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სრულად და ერთდროულად გადაცემის მოთხოვნა. როგორც კომპანიების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მოთხოვნილი საკვლევი ოჯახების მისამართების და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემა გამოიწვევს TV MR საქართველოს საქმიანობის შეჩერებას.

დამკვეთი კომპანიები აღნიშნავენ, რომ ინვენტარიზაციის პროცესი დააზარალებს მთელს სარეკლამო ბაზარს, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ გაყიდვის ობიექტი - ჯამური რეიტინგი შეწყვეტს არსებობას.

,,მთლიანი ზარალი, რასაც გამოიწვევს ეს პროცესი ჯაჭვური რეაქციით, მიაღწევს მილიონობით დოლარს. სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი მნიშვნელოვნად შემცირდება, ტექნოლოგიურად ინდუსტრია უკან დაიხევს და 10-15 წლის წინანდელ რეალობაში აღმოჩნდება, ზარალი მიადგება ქვეყნის რეპუტაციას, ყველა ჩვენგანის ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრიდან, პრობლემა შეექმნება სარეკლამო სააგენტოების ცივილურად მუშაობის პროცესს, უცხოური ქსელური დამკვეთები შეამცირებენ იმ სარეკლამო ბიუჯეტებს, რომლებიც იხარჯება ჩვენს ქვეყანაში. ბატონებო, მოგმართავთ თხოვნით, სასწრაფოდ შეცვალოთ თქვენი მოთხოვნა რესპოდენტი ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სრულად მიღებაზე და არ დაუშვათ მისი ძალით ამოღება. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ თქვენს მიერ სიის ამოღების შემთხვევაში, მისი კონფიდენციალურობა იქნება გარანტირებული. ყველა შემთხვევაში, სიების გადმოცემა, ყველა ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო, გამოიწვევს კომპანიის საწარმოო პროცესის მინიმუმ შეფერხებას, რაც პირდაპირ იკრძალება საგადასახადო კანონმდებლობით" - აცხადებენ კომპანიები და რეკომენდაციას აძლევენ კომპანია TV MR საქართველოს - არ გასცეს კონფიდენციალური ინფორმაცია კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ.

სპეცალური განცხადება გაავრცელეს არასამთარობო ორგანიზაციებმა. არასამთავრობო ორგანიზაციები სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომაპანია „TV MR საქართველოს" დაჯარიმების ფაქტს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ შემოსავლების სამსახურმა არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ზიანს მიაყენებს საქართველოში თავისუფალი და კონკურენტუნარიანი სარეკლამო ბაზრის განვითარებას, რაც თავის მხრივ, პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი მედიაგარემოს არსებობას უზრუნველყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42