რა არის ქართული ფეხბურთის განვითარების მთავარი პირობა, როგორია ფეხბურთის ფედერაციის სამომავლო გეგმები, როგორ ემზადებიან 2015 წელს დაგეგმილი სუპერთასის მატჩისთვის და აპირებს თუ არა ზვიად სიჭინავა სამომავლოდ საკუთარი კანდიდატურს დაყენებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე.
ამ და სხვა საკითებზე ,,ნიუპოსტი“ თავად ზვიად სიჭინავას ესაუბრა.
- ბატონო ზვიად, თქვენ საკმაოდ დიდი ხანია ხელმძღვანელობთ ფეხბურთის ფედერაციას. რატომ გადაგაწყვიტეთ ჩადგომოდით სათავეში ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ?
- ფეხბურთი საქართველოში მართლაც ყველამ იცის და ალბათ მე არ ვიცოდი ბოლომდე და ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი. ეს ხუმრობით.
მე ბავშვობიდან მიყვარდა ფეხბურთი, ყოველთვის ვიყავი გულშემატკივარი, მითუმეტეს, მოგეხსენებათ, რომ ჩემი გვარი შორს არ დგას ფეხბურთისგან. ჩემთვის ეს პირველ რიგში არის ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლო ადგილი. მინდოდა, რომ ჩემი ქვეყნისთვის რაღაც გამეკეთებინა, თან მქონდა გამოცდილება - ზუგდიდში დავაარსე საფეხბირთო სკოლა, მქონდა ურთიერთობა სხვადასხვა კლუბთან, მქონდა გარკვეული მხარდაჭერაც, მირჩიეს, მომეკიდა ამ საქმისთვის ხელი და მეც გადავწყვიტე, მოვსულიყავი ფეხბურთის ფედერაციის სათავეში.
- იმ პერიოდში ფეხბურთის ფედერაციის ირგვლივ საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა არსებობდა, იყო სხვადასხვა სახის ჭორი. რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯი, რა პრობლემის გადაჭრა მოგიწიათ უპირველეს ყოვლისა?
- ჭორები ფეხბურთის ფედერაციაზე ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება. ფეხბურთი როგორც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და მის ირგვლივ სახდასხვა სახის საუბრებიცაა. განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა, უბრალოდ, მე ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ ყველა ხელმძღვანელს თავისებურად ესმის მენეჯმენტი და მარკეტინგი, ჩემამდე სხვა სახის მენეჯმენტი იყო, ჩემს შემდეგაც, ალბათ, სხვა სახის მენეჯმენტი იქნება - ეს არის ცოცხალი ორგანიზმი. შესაბამისად, არაფერი განსაკუთრებული და საგანგაშო არ დამხვედრია, მითუმეტეს, მე, არ ვაძლევ თავს უფლებას, ჩემი წინამორბედები გავაკრიტიკო და არც სხვას ვურჩევ ამას, რადგან, ყველაფერი ადამიანს წინ დახვდება. მთავარია, შენ გააკეთო იმაზე მეტი და იმაზე უკეთ, ვიდრე შენამდე აკეთებდა შენი წინამორბედი და ვისურვებდი, რომ ჩემ შემდეგაც მიმავალში გააკეთონ უფრო მეტი, მაშინ იქნება სწორედ წინსვლა.

- ბუნებრივია, გქონდათ გარკვეული გეგმები, მიზნები. რამდენად შეძელით მათი განხორციელება?
- ყველაფერი კეთდება დაგეგმილად. ჩვენ ვერ დავგეგმავდით გავმხდარიყავით მსოფლიო ჩემპიონები და არც გავხდით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არის ორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს ფიფას და უეფას წესდებითა და მის მიერ დაწესებული რეგლამენტით. ჩვენ არ გაგვიკეთებია ის, რაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ წესებს.
გასაკეთებელი მართლაც ბევრია, ეროვნულ ჩემპიონატში, ბავშვთა ფეხბურთში, არის სხვა პრობლემებიც. ეს პრობლემები არის არა იმიტომ, რომ ჩვენ რაიმე არასწორად დავგეგმეთ ან გავაკეთეთ, უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს ფინანსები. საქართველო ჯერჯერობით არაა მდიდარი ქვეყანა, მისი ბიზნესი არაა ისე განვითარებული, არ გვყავს ბევრი მდიდარი კომპანიები, რომლებიც დიდ ფულს ჩადებენ ფეხბბურთში. მე მაინც მრჩება იმედი, რომ დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში შევძლებთ მეტის გაკეთებას. ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს როგორც ჯანსაღი ორგანიზმი, გვაქვს გეგმები, გვაქვს ტურნირები, თამაშები, მივყვებით გრაფიკს.
- რა მდგომარეობაა ამჟამად ბავშვთა ფეხბურთში? განსაკუთრებით საინტერესოა რამდენად არის განვითარებული საფეხბურთო სკოლები რეგიონებში?
- არსებობს კარგი სკოლები არამარტო თბილისში, არამედ სხვაგანაც - ზუგდიდში, აჭარაში, იმერეთშია, სხვაგანაც. მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ბავშვთა ფეხბურთი ძალიან ციდ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, ძირითადად იმ ხასიათის, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბავშვთა ფეხბურთში ჩვენ გვქონდა რვა შანსი ელიტრაუნდში გასასვლელად და აქედან 7 შანსი გამოვიყენეთ. აქედან ორჯერ გავედით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. არ არის ეს წარმატება? ჩვენმა გუნდებმა ფინალური ეტაპისკენ გზა გადაუღობეს ისეთ საფეხბურთო ქვეყნებს, როგორიცაა ინგლისი, ჰოლანდია, უკრაინა და სხვ...
19 წლამდე ქართულ ფეხბურთს პრობლემები არ აქვს, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, პრობლემები იწყება შემდეგ... ამ ბავშვების შემდგომი განვითარება, შემდგომი სრულყოფა, შესაბამისი ფიზიკური მომზადება, ეს უკვე არის კლუბების, კერძო კლუბების პრეროგატივა. ფეხბურთელს განვითარებისათვის სჭირდება მეტი პრაქტიკა, მეტი თამაში, კარგი მწვრთნელი, კარგი ფიზ-მომზადება. გამოცდილება მოდის თამაშით. მართვის მოწმობის აღება არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ადამიანმა თავი პროფესიონალ მძღოლად ჩათვალოს, მას პრაქტიკული გამოცდილებაც სჭირდება.
ფეხბურთელს პროფესიონალად ვერ ჩამოაყალიბებს ფეხბურთის ფედერაცია, ეს კლუბმა უნდა გააკეთოს.
- მთელ მსოფლიოში ფეხბურთი არის ბიზნესი, ბევრი ბიზნესმენი დებს კლუბებში ფულს და შემდეგ მოგებასაც ნახულობს. ამ კუთხით საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კლუბს თუ აქვს შესაბამისი დაფინანსება. ეს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური პრობლემებით აიხსნება?
- აქ მარტო დაინტერესება და ეკონომიკური მდგომარეობა არაა პრობლემა, ფეხბურთი უნდა გიყვარდეს კიდევაც, მასში ფული რომ ჩადო. ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ასეა - მისთვის ვინც გიყვარს, არაფერი გენანება.
სამწუხაროდ, ვისაც აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ყველას არ უყვარს ფეხბურთი, ხოლო ვისაც უყვარს, არ აქვს ამის საშუალება. აქ სხვა საკითხიცაა, შეხედეთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, იქ მარტო კერძო კლუბები არ არსებობენ, მათ უმრავლესობას სახელმწიფო ორგანიზაციები თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აფინანსებენ.
ვიმეორებ, მთავარი ნორმალური მენეჯმენტია. ალბათ იცით, რომ მთელ მსოფლიოში დიდი სტადიონები ადგილობრივ ხელისუფლებას ეკუთვნის, ისინი ამით სოციალურ პროგრამებსა თუ ფუნქციებსაც ასრულებენ. ამ 4 წლის განმავლობაში 13 საკმარისად მაღალი დონის მოედანი აშნედა, მაგრამ მათ მოვლა სჭირდება, რასაც კლუბი ვერ განახორციელებს, ეს სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ ადგილებზე.
გარდა ამისა, ძალზე ცოტაა სატელევიზიო საფეხბურთო გადაცემები, ჩვენი ფეხბურთი ნაკლებად საინტერესოა მედიისათვის. და არა მარტო ფეხბურთი, ზოგადად სპორტი. ჩვენს სპორტსმენებს არ იცნობენ ფართო მასები. საქართველოში უნდა არსებობდეს ერთი სპორტული არხი მაინც, ჩვენ გვყავს გამოცდილი სპორტული ჟურნალისტები, ოპერატორები, არის სხვადასხვა სპორტული სახეობები, რაგბი, კალათბურთი, წყალბურთი, ჭიდაობა... რომლის შესახებ ინფორმაციები დააინტერესებს მაყურებელს. მოსახლეობის უმრავლესობას გაუგია ესა თუ ის გვარი და სახელი, მაგრამ მას ფიზიკურად არ იცნობს. ჩვენ მეტი ვიცით უცხოელ სპორტსმენებზე, ვიდრე ჩვენს თანამემამულეებზე. ჩვენ ნაკლებად ვიცით რა ხდება ქართულ სპორტში. ეს წამყვანი იდეოლოგია უნდა იყოს, რაც ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას. სპორტით დაინტერესებულმა ყველა პირმა, მათ შორის ჟურნალისტებმაც, უნდა შექმნან პირობები, რომ ჩვენს ხალხს გავაცნოთ ის ადამიანები, რომელთაც საქართველოს დროშა უჭირავს ხელში და ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს წინაშე წარმოადგენენ.
ამაში მარტო სახელმწიფო ვერაფერს გახდება. სახელმწიფო ადგენს დაფინანსების ბიუჯეტს და წარუდგენს შესაბამის სპორტულ ორგანიზაციებს. მთავარია, როგორ გაანაწილებ ამ ფულს. მთავრი ისევ და ისევ მენეჯმენტია, თორემ მე, შეიძლება ასი მილიონიც არ მეყოს. უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები და მიმართულებები. შევადაროთ თურქეთის მდგომარეობა, მარტო საფეხბურთო ტრანსლაციაში თურქული არხები კლუბებს 87 მილიონ დოლარს უხდიან. ნეტავ 87 ათასი შემოდიოდეს ამ საქრთველოს ფეხბურთში და ასჯერ მეტ წარმატებას მივაღწევთ. ქართული ფეხბურთი რომ კომერციულ ტრანსლაციაზე გადავიდეს, მოხდება ელემენტარული რამ - მას აღარავინ გააშუქებს, არცერთი ტელევიზია. ეს არც მთავრობის ბრალია, არც სამინისტროსი, არც ტელევიზიების. ეს ყველა ჩვენგანის ბრალია, ჩვენთან ჯერ არ არსებობს ამგვარი კულტურა. ეს ჩვენი მენტალიტეტის ბრალია.

- რა გეგმები აქვს საქართველოს მთავარ გუნდს? შემოდგომაზე, რამდენადაც ცნობილია მორიგი შესარჩევი ციკლის ოფიციალური თამაშებია დაგეგმილი. როგორ მოემზადება ამ თამაშებისთვის ნაკრები?
- უკვე დაგეგმილია რამდენიმე თამაში, უახლოესი მარტში გვექნება თბილისში. სლოვენიასთან და ალჟირთან ალბათ ივნისში ვითამაშებთ, თამაშების ნაკლებობა ნამდვილად არ გვექნება. უბრალოდ, წელს მსოფლიო ჩემპიონატია ბრაზილიაში და წამყვან ნაკრებებს ურჩევნიათ ოკეანეს გაღმა ბრაზილიასთან მიახლოებვულ პირობებში გამართონ მატჩები.
- როგორ მიმდინარეობს 2015 წელს დაგეგმილი სუპერთასის მატჩის საორგანიზაციო სამუშაოები?
- უპირველეს ყოვლისა მინდა შევეხო სტადიონის საკითხს. ჩვენ ვამთავრებთ მოლაპარაკებებს უეფასთან, რომ მატჩი გაიმართოს "დინამო არენაზე". როგორც იცით, თავიდან საუბარი იყო "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე. ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტმა ხალხმა ნახოს ეს თამაში. ეს ხომ უდიდესი საფეხბურთო ზეიმია, შოუა, სადაც თავს იყრის ევროპის ორი უდიდესი საკლუბო თასის მფლობელი, მათი გულშემატკივრები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ასეთ დიდ 50 000-იან სტადიონზე სუპერთასი ჯერ არ გამართულა და ჩვენ გვინდა ვიყოთ პირველები, ვინც ამ ტრადიციას დანერგავს. წინდაწინ გეტყვით, რომ 90% დარწმუნებული ვარ, რომ თამაში დინამოზე გაიმართება.
ჩვენ გვაქვს ერთი წელი, რომ მოვაგვაროთ ყველა დარჩენილი საკითხი. მარტის პირველ რიცხვებში ჩამოდის უეფას კომისია, რომელიც შეამოწმებს, თუ რამდენად ვართ მზად ამ მატჩის მასპინძლობისთვის.
აქ საუბარია ასევე ბილეთის ფასებზე, ჩვენ გვინდა, რომ ქართველ მაყურებელს ჰქობდეს საშუალება, რომ დაესწროს ამ უდიდეს ზეიმს. ფასები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. მე დღესაც თვალწინ მიდგას წინა სუპერთასი, რომელიც პრაღაში გაიმართა, ეს იყო ულამაზესი სანახაობა, შესანიშნავი ატმოსფერო. ჩვენ შევეცდებით, რომ არანაკლები გარემო შევქმნათ თბილისშიც.
- დასასრულ, თქვენ სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ. აპირებთ თუ არა, რომ მომავალშიც დააყენოთ თქვენი კანდიდატურა ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე?
- ამ შეკითხვაზე ბევრჯერ გავეცი პასუხი. არ ვემზადები წინასწარ არაფრისთვის. მე ვიცი, რომ არსებობს ხალხი, რომლებიც შესაძლოა უკეთ გაუძღვენ ამ საქმეს. არ ვთვლი საჭიროდ, რომ დღესვე დავიწყო მზადება არჩევნებისათვის. უბრალოდ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. ეს თანამდებობა ნამდვილად არ არის კომფორტული თანამდებობა.
დღეს აქ ვარ და ვაკეთებ იმას, რაც დღეისათვის აუცილებელია. ჩვენ წინ გვაქვს 2 ელიტრაუნდი, მოსამზადებელი პერიოდი. უნდა დავიწყოთ პროფკატეგორიის სწავლება, მერე გვაქვს 21-წლამდელთა თამაშები დაგეგმილი, ეროვნული ნაკრების თამაშები, ოფიციალური შესარჩევი საკვალიფიკაციო თამაშები... საქმე ბევრია და მოდით მერე ვიფიქროთ ახალ არჩევნებზე ფედერაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






