როგორ ხედავს ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს სამოქალაქო სექტორში, როგორია მისი პოლიტიკური გემოვნება და რა მიზნები შეიძლება მას ამოძრავებდეს. ამ თემებზე „ნიუპოსტს“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ახალი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი ესაუბრა.
_ ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად და კრიტიკულად ისაუბრა ოპოზიციაზე, მან ერთმანეთს დაუკავშირა ნაციონალური მოძრაობა, კახა კუკავა და შალვა ნათელაშვილი. მისი შეხედულებებიდან გამომდინარე, რა შეიძლება ითქვას ივანიშვილის პოლიტიკურ გემოვნებაზე?
_ ივანიშვილის პოლიტიკურ გემოვნებაზე და ღირებულებებზე ყველაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ მისთვის სამაგალითო ჟურნალისტიკის ნიმუში გაზეთი „ასავალ-დასავალია“. ეს ერთი გარემოება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დიაგნოზი დავუსვათ ამ ადამიანს, მის ღირებულებებსა და ინტელექტუალურ დიაპაზონს. აქვე მაინც ვიტყვი, რომ როდესაც ჯაჭვლიანის, ქანთარიას, კურტანიძის, თოფაძისა და გუბაზ სანიკიძის პატრონი სხვა პოლიტიკოსებს განიკითხავს, ეს უბრალოდ კურიოზია, რომელზეც არ ღირს სერიოზული მსჯელობა. მით უმეტეს, რომ კუკავას, ნათელაშვილსა და ივანიშვილს შორის არანაირი არსებითი განსხვავება არაა, გარდა ამ უკანასკნელის „ჭარბი“ სიმდიდრისა.
_ შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილს არ უხსენებია ნინო ბურჯანაძე თავის გამოსვლაში. მახსოვს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ნაციონალური მოძრაობა აცხადებდა რომ ივანიშვილს სწორედ ნინო ბურჯანაძე სჭირდება ოპოზიციად. ფიქრობთ, რომ ივანიშვილს სწორედ ისეთი ოპოზიცია სჭირდება როგორც ბურჯანაძეა?
_ ივანიშვილს ჭირდება მისი ადამიანები, რომლებიც მისნაირად (ანუ, დაახლოებით „ასავალ-დასავალის“ მასშტაბში და კინოფილმი „მიმინოს“ პრიზმაში) ხედავენ სამყაროს. მას აქვს სრული მიუღებლობა ყველანაირი განსხვავებული აზრის მიმართ. დღევანდელი პრესკონფერენციისას მან ბევრი აკრიტიკა ოპოზიცია, ისევ ეჩხუბა ჟურნალისტებს, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ „დაეხმარება“ საზოგადოებას ანალიზში, მაგრამ მთავრობის მიმართ მხოლოდ ერთხელ გამოთქვა კრიტიკული შენიშვნა. მან ღარიბაშვილს ტერმინოლოგია დაუწუნა და განაცხადა, რომ თურმე ის, რასაც მთავრობა ეკონომიკური ზრდის ვარდნას ეძახის, სინამდვილეში ეკონიმიკის „გაჯანსაღება“ ყოფილა. ივანიშვილს უნდა ყველა მასავით ფიქრობდეს, რომ ლარის კურსის დაცემა პრობლემა არაა, რომ საავადმყოფოს დაპროექტების დაწყება იგივეა, რაც საავადმყოფოს მშენებლობა (არ გჯერათ? დაურეკეთ სერგეენკოს!), რომ 100 ახალი ქარხნის პროგრამაში თურმე 100 დაფინანსებული საწარმო იგულისხმებოდა (მაგალითად, ისეთები, რომლებმაც ამ დაფინანსებით 15 ძროხა ან 50 ცხვარი შეიძინეს)... ბუნებრივია, ივანიშვილის ასეთი მიდგომა მზარდ გაუცხოებას და აგრესიას იწვევს მოქალაქეებში.
_ როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობა სამოქალაქო სექტორში, რამდენად დაუკავშირდება მედიის გაკონტროლების მცდელობას, ან არასასურველი არასამთავროების ჩანაცვლების სურვილს ან ახალი ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებას.
_ პრესკონფერენციით თუ ვიმსჯელებთ, ამ ვარაუდისთვის სერიოზული საფუძველი არსებობს. შორს რომ არ წავიდეთ, ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის „ჩაგდება“ სწორედ მისი უშუალო ჩარევის შედეგად მოხდა, როგორც ამას ისედაც ბევრი ვარაუდობდა. თურმე ის, რომ რამდენიმე პირი არ იყო ინფორმირებული კონკურსის თაობაზე, საკმარისი ყოფილა იმისთვის, რომ ეს კონკურსი გაუქმებულიყო. ეს იგივეა, ვამტკიცოთ, რომ თუ პოლიტიკოსი არ ყოფილა ინფორმირებული არჩევნების თარიღის შესახებ, ამის გამო შეიძლება გავაუქმოთ არჩევნების შედეგები და დავნიშნოთ ახალი, რაც უბრალოდ აბსურდია.
ახალი პოლიტიკურ ძალას რაც შეეხება, ივანიშვილი პროდასავლურ ძალას ვერ შექმნის, ღიად პრორუსულ ძალას არ შექმნის, ხოლო გაუგებარი ღირებულებებისა თუ ანტიღირებულებების მატარებელი პოლიტიკური ძალა უკვე შექმნა. ამიტომ, ამ კუთხით, სიახლეებს არ ველი.
_ რა იყო თქვენთვის ყველაზე საყურადღებო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაციაზე. რა იყო ის, რაც თქვენი აზრით მედიის ყურადღების მიღმა დარჩა?
_ სამწუხაროდ, არ გავცნობივარ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ პრესკონფერენციის გაშუქებას. შესაბამისად, ვერ გეტყვით, დარჩა თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი მედიის ყურადღების მიღმა.
ზოგადად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „პურითა და სანახაობით“ ქვეყნის მართვის უძველეს ფორმულას მალევე ჩამოაკლდა „პური“ (ანუ ეკონომიკა) და დარჩა მხოლოდ სანახაობა, რომლის მნიშნელოვანი ნაწილი სწორედ ივანიშვილის სატელევიზიო შეხვედრები და პრესკონფერენციები იყო. მოხარული ვარ, რომ ეს ტრადიცია აღდგა.
_ და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა ეკლესიასთან დაკავშირებით თქვა: "ეკლესიაში პრობლემებია და ეკლესიის მსახურნი საჭიროებენ კრიტიკას, მინიშნებას და მითითებას“, რას ფიქრობთ ამ საკითხზე რა პრობლემებია თქვენი აზრით ეკლესიაში ტაბუდადებული.
_ნიშანდობლივია, რომ ივანიშვილის აზრით, ყველა - საზოგადოება, მედია, ორგანიზებული რელიგია, პოლიტიკოსები, ექსპერტები და ა.შ. - მის „მინიშნებას და მითითებას“ საჭიროებს. დიდი პრობლემაა, როცა ამხელა ფინანსური რესურსის მქონე ფიგურას აქვს ყველას და ყველაფრის კონტროლის ამბიცია, მით უმეტეს, მისი ინტელექტუალური რესურსისა და ღირებულების გათვალისწინებით... რაც შეეხება კონკრეტულად ეკლესიის თემას, სასურველია, ივანიშვილის გამონათქვამები თავად ივანიშვილმა განმარტოს და დააკონკრეტოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამას მეც თქვენსავით დიდი ინტერესით ველი.
მასალის გამოყენების პირობები






