სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე მცირეწლოვანი ბავშვების ე.წ. მაუგლის მეთოდით მკურნალობის საკითხი და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა.
როგორც საქმიანობის შესწავლისას გამოიკვეთა, ე.წ. მაუგლის მეთოდი ბავშების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და შესაძლოა, მას შეუქცევადი გართულებები მოჰყვეს:
"ექსპერტის თქმით, თავის ტვინის ტრავმა ისეთმა თითქოს უბრალო გართობამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც თამაშის მიზნით ბავშვის ჰაერში აგდება და დაჭერაა.
თავის ტვინსა და თავის ქალას ძვლებს შორის მცირე სივრცეა, შენჯღრევა იწვევს თავის ტვინის უხეშ შეხებას ძვლებთან და მის ტრავმირებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა, მისი შეშუპება და სიკვდილიც კი (შემთხვევათა 13-23%-ში).
გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ძვლების და რბილი ქსოვილების დაზიანება, ხერხემლის მალების მოტეხილობა, თვალის ბადურაში სისხლჩაქცევა, რამაც მხედველობის გაუარესება ან მისი დაკარგვა გამოიწვიოს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს მსგავსი ტიპის ჩარევებს და არ შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე.
ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მუდმივი მონიტორინგი ახორციელოს, მსგავსი პრაქტიკების გავრცელების პრევენციისა და შემთხვევებზე დროული რეაგირების მიზნით" - წერია ომბუდმენის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






