პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრება დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიციიდან სხდომას "ლელოს წევრი" ანა ნაცვლიშვილი და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თეონა აქუბარდია ესწრებოდნენ. მათ ოპოზიციის სახელით გააკეთეს განცხადება და კოდექსის გამკაცრების გადაწყვეტილება გაკრიტიკეს:
"ეს არის პოლიტიკური თემა და არა მუხლებით და პუნქტებით სასაუბრო. ხომ არ ფიქრობთ შემთხვევით, რომ პროტესტი რომ იმატებს საზოგადოებაში ეს იმის გამო ხდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩააფლავა ეკონომიკის, მართლმსაჯულების, სოციალური პოლიტიკის და ბევრი სხვა რეფორმა. ეს საქართველოს კონსტიტუცია ვინ უნდა დაიცვას? ამ ორგანომ ხომ არ უნდა დაიცვას? ამ კონსტიტუციასთან სრულ წინააღმდეგობაში რომ მოდის პროტესტის ჩახშობა ამაზე რას ფიქრობთ? ვერ დააშინებთ იმ ადამიანებს ვერც მომატებული ჯარიმით, ვერც ციხით და მიიღებთ უფრო დიდ პროტესტს. სამარცხვინოა, რომ ამას ცდილობთ ღამით, კომენდანტის საათის დროს, ჩუმად", - განაცხადა ანა ნაცვლიშვიმა.
ანა ნაცვლიშვილის გამოსვლით გაღიზიანებულმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის უპასუხისმგებლობაზე გააკეთა აქცენტი და დეპუტატს ასევე კითხვით მიმართა:
"სამარცხვინო იცით რა არის? პოლიტიკურად სამარცხვინო, რა თქმა უნდა. თქვენმა კოლეგებმა აიღეს ვალდებულება, რომ სამშაბათიდან პლენარულ სხდომებს ესწრებოდნენ, მიიღებდნენ მონაწილეოებას საპარლამენტო ცხოვრებაში და აი, ეს სკამები რომ ცარიელია, მათ ნაცვლად არ გერიდებათ?, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ნაცვლიშვილის მიმართვა გულზე მოხვდა ოცნების დეპუტატ შალვა პაპუაშვილსაც, რომელმაც "ლელოს" წევრს ურჩია, კონსტიტუციასთან ერთად, პარლამენტის წევრის ვალდებულებებსაც გაცნობოდა:
„დღეს ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა ტრიბუნიდან დაგვმოძღვრა, რომ არ შეიძლება დეპუტატებს მოვუწოდებდეთ, რომ ისინი უნდა ისხდნენ სხდომათა დარბაზში და ისურვა, რომ ეს ყოფილიყო ბოლო ასეთი შენიშვნა ჩვენი მხრიდან. ამის საფუძვლად მოიყვანა კონსტიტუცია, რომელიც მას ხელშიც ეჭირა, მაგრამ სამწუხაროდ, არ იცნობს ალბათ მეორე წიგნს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრისთვის, ეს არის პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც ზუსტადაც ადგენს, რომ პარლამენტის წევრი უნდა იჯდეს დარბაზში, თუ არ ზის, სანქციებსაც კი ადგენს. ასე რომ, ქალბატონ ანას ვურჩევ, კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში და აქ არის სწორედ გაწერილი, რომ მან უნდა იაროს კომიტეტის სხდომებზეც, გაცდენა თუ არასაპატიოა, ამაზეც სანქციებია, ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა მას რომ სცდონოდა, გუშინ იქნებოდა კომიტეტის სხდომაზე და იმ პრეტენზიებს, რომელიც დღეს წამოეყენა, შეძლებდა გაეჟღერებინა უპირველეს ყოვლისა კომიტეტის სხდომაზე და იქ შეძლებდა საკუთარი სამართლებრივი არგუმენტების მოყვანას,"- განაცხადა პაპუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






