ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც საუბარია ახალი დოკუმენტის განხილვასთან დაკავშირებით, მმართველი პარტია ასევე ეხმაურება პოლიტიკური მართლმსაჯულების თემას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და ამ დრომდე მიმდინარეობს სამართალწარმოება, ცდილობენ პოლიტიკურად დევნის ობიექტთა სტატუსი ატარონ. საუბარია ჯაფარიძე-ხაზარაძეზე, რომლებმაც პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბეს და ასევე გვარამიაზე, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, შემდეგ კი მედიაში გადაინაცვლა:
"ამ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროკავშირთან და პრეზიდენტ მიშელთან ერთად, რომელთაც მადლობას ვუხდით პოლიტიკური ვითარების გასაჯანსაღებლად გადადგმული ნაბიჯების და ძალისხმევისთვის, იმ მოცემულობით, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ იქნება გაცხადებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარების შესახებ, რაც ასახულია ეუთო/ოდირ-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში და რისთვისაც ევროსტრუქტურები ჩაერთვებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების მიზნით შექმნილ კომისიაში. ასევე, ჩვენი გადაწყვეტილება პატიმრებთან დაკავშირებით, რომელთა გათავისუფლებას ითხოვს ოპოზიცია, ეფუძნება იმ აუცილებელ პირობას, რომ მომავალში გამოირიცხება ნებისმიერ სისხლისსამართლებრივ საქმეში პოლიტიკური ჩარევა.
ვინაიდან, არის ორი სხვა მიმდინარე საქმე - ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეები, სადაც ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება (ის წინა ხელისუფლების პირობებში, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ), დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას - ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული.
ვთვლით, რომ ამ წლების განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებაზე, სასამართლოსა და პროკურატურაზე, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და თვისობრივად გაუმჯობესდა ვითარება, ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან ხდებოდა არაობიექტური და მოტივირებული შეტევა მისი დისკრედიტაციის მიზნით. ქართული სასამართლო და მართლმსაჯულება დამოუკიდებლობის და სამართლიანობის კუთხით მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, რასაც მსოფლიო ბანკის და „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს, რომელშიც საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში შედის და ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, ხოლო „IPSOS France“-ის კვლევით, საქართველოს მოსახლეობაში სასამართლოს მიმართ ნდობა 50%-ზე მაღალია, რაც ევროკავშირის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელთან ახლოს დგას. რასაკვირველია, შეთანხმების დოკუმენტში მოცემული 2/3-ის პრინციპი უნდა დაზუსტდეს და გაიწეროს ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, ისე, რომ არ მოხდეს პროცესში პოლიტიკური ჩარევა ან მისი ბლოკირება" - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






