მთავრობის გადაწყვეტილებით, ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი, იქნება ეს საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის მიუხედავად ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გადავა. კარანტინი სავალდებულოა მათთვისაც, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქვს ჩატარებული.
ცვლილება დღეიდან შევიდა ძალაში, ამის გამო წუხელ ინდეთიდან ჩამოსული 150 სტუდენტი კარანტინში გადაიყვანეს ისე, რომ ქვეყნიდან გამოფრენისას მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. სტუდენტები დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ PCR ტესტის ნეგატიურ პასუხთან ერთად ჩატარებული ვაქცინაციის ცნობაც წარადგინეს, თუმცა ისინი კარანტინში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს და მხოლოდ ის უთხრეს, რომ ცვლილება შევიდა კანონში, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.
დადგენილების თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან 14 აპრილს მომავალი უცხოელი სტუდენტების (მიუხედავად მოქალაქეობისა) საკარანტინო ხარჯები დაფინანსდება ერთჯერადად, მხოლოდ 6 დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 8 დღის განმავლობაში საკარანტინო ხარჯებს ისინი საკუთარი ხარჯით დაფარავენ.
მასალის გამოყენების პირობები






