"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მოძრაობა "საქართველოსთვის" დაკავებულ აქტივისტზე გიორგი მუმლაძეზე სპეციალური ბრიფინგის დროს ისაუბრა და განაცხადა, რომ მას სისხლის სამართლის ბრალს უყენებენ და თუ სასამართლომ ის პატიმრონაში დატოვა, კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ეყოლება ქვეყანას:
„საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია, რომ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არჩეული პროფესორი გიორგი მუმლაძე დაკავებულია. დაკავებულია უბრალოდ ადმინისტრაციულით კი არა, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ, მას სისხლის სამართლის ბრალის წაყენებას უპირებენ. არის რისკი, რომ პატიმრობაში დატოვონ. თუ ეს ასე მოხდება, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბატონი მუმლაძე იქნება კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელში.
ჩვენ, მთელი ეს პერიოდი ვხედავდით, რომ ეს ადამიანი და მისი თანამოაზრეები ყველაზე აქტიური ჯგუფი იყო, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გამოხატავდა სამოქალაქო პროტესტს. მე, როგორც მოქალაქე, მათი მადლიერი ვარ“, - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტი გიორგი მუმლაძე მაშინ დააკავეს, როდესაც ის ოცნების ოფისთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი კარანტინის გაუქმებას თანაგუნდელებთან ერთად მოითხოვდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე წარწერების გაკეთება სცადეს. ინციდენტის დროს პოლიციამ მუმლაძესთან ერთად კიდევ ოთხი აქტივისტი დააკავა, თუმცა მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც შეეხება მუმლაძეს, შსს-ს განცხადებით, ის პოლიციელის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული და საქმე სისხლის სამართლის კოდექსს შეესაბამება.
მასალის გამოყენების პირობები






