ოცნებიდან გიორგი გახარიასთან წასულმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში 20 ივნისის ღამესა და მასთან ყოფილი პრემიერის კავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გავრილოვი დიდი შეცდომა იყო, რის გამოც ხელისუფლებამ ხარკი გადაიხადა, რაც შეეხება გახარიას, ხოჯევანიშვილის თქმით, მაშინ ის შს მინისტრი იყო და უზრუნველყო, რომ არ მომხდარიყო სახელმწიფო ინსტიტუტების ბოლომდე შეურაცხყოფა:
"20 ივნისის საკითხი სენსიტიური თემაა. საკითხი, რითაც დაიწყო ეს თემა, იყო დიდი შეცდომა - გავრილოვის იქ აღმოჩენა. არამარტო ხელისუფლებამ, საზოგადოებამაც ძალიან დიდი ხარკი გადაიხადა ამ დიდი შეცდომის გამო.
ბუნებრივია, ამ ამბავს მოჰყვა ის მღელვარება, რაც გამოიხატებოდა ქუჩის პროტესტში, მაგრამ აქ ორი საკითხი უნდა გაიმიჯნოს: ერთი ის მღელვარება, რაც საზოგადოებას ჰქონდა, მერე იყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა, რაც ყოვლად დაუშვებელია. მაშინ გახარია შს მინისტრი იყო და მან უზრუნველჰყო, რომ არ მომხდარიყო სახელმწიფო ინსტიტუტების ბოლომდე შეურაცხყოფა" - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ოცნების დეპუტატებმა მმართველი გუნდი დატოვეს და გახარიას შეუერთდნენ, რომელიც ახალ პარტიას მალე წარუდგენს საზოგადოებას.
ოცნებიდან წასული დეპუტატები გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი არიან.
მასალის გამოყენების პირობები






