ოცნების ოფისთან დაპირისპირების დროს დაკავებულ გიორგი მუმლაძეს გამოძიება პოლიციელზე ძალადობას ედავება.
დაპირისპირებისას პოლიციამ ხუთი აქტივისტი დააკავა, რომლებმაც აქციის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე წარწერების გაკეთება სცადეს. ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ.
დაკავებული ხუთი აქტივისტიდან ოთხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც შეეხება გიორგი მუმლაძეს, ის სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - ნათქვამია განცხადებაში.
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები მუმლაძის დაკავებას შსს-ს შენობასთან 18:00 საათზე გააპროტესტებენ. მანამდე კი საქალაქო სასამართლოში დაკავებული აქტივისტების პროცესი გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






