"ქართული ოცნებიდან" გახარიასთან წასული დეპუტატი ბექა ლილუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ პარტიიდან წასვლის გამო არავის უნდა აბულინგებდნენ. ლილუაშვილის განმარტებით, ოცნებამ თავისი თავი ამოწურა და ვეღარ ერგება ქართველი ხალხის დღის წესრიგს:
"არსებული რადიკალიზაციის პირობებში პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება", როგორც ხალხის ნების და ხალხის დღის წესრიგის ეფექტიანობაზე ორიენტირებული ძალის რესურსი არის მინიმალიზებული და ამოწურული. მსგავსი შეფასებები არის იმის წინაპირობა, რომ ამ ქვეყანაში საკმაოდ სუსტია პოლიტიკური კლასის განვითარების შესაძლებლობა, ვერვინ და არავინ უნდა ბულინგდებოდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტია დატოვოს", - თქვა ბექა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ოცნების დეპუტატებმა მმართველი გუნდი დატოვეს და გახარიას შეუერთდნენ, რომელიც ახალ პარტიას მალე წარუდგენს საზოგადოებას.
ოცნებიდან წასული დეპუტატები გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი არიან.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გუნდიდან წასული დეპუტატები უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სირცხვილია მათი ქმედება, რადგან პირადი ურთიერთობები არჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები






